15 მაისს, ოთხშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო
კონფერენცია გაიხსნა. სასწავლებლის რექტორი, პროტოპრესვიტერი
გიორგი ზვიადაძე მიესალმა და მადლობა მოახსენა თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრებს,
პროფესორ-მასწავლებლებს, კონფერენციის ორგანიზატორებს, სწავლულ
მდივანს, ხათუნა მემანიშვილს, ასევე, თსას-ის საზოგადოებასთან
ურთიერთობებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის
წარმომადგენლებს ხათუნა ნიშნიანიძესა და თამთა ფარულავას.
იმავდროულად, რექტორმა განათლების მნიშვნელობაზე, ცოდნისა და
რწმენის ერთობაზე, პატრიარქის ბოლო სააღდგომო ეპისტოლეზე ილაპარაკა და
აღნიშნა, რომ ცოდნასა და განათლებას უარსებითესი მნიშვნელობა აქვს,
ზოგადად, და განსაკუთრებით - ჩვენი ქვეყნისათვის, რადგანაც საქართველო
განათლებასა და უნიკალურ ქრისტიანულ კულტურაზე დგას.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები:
1. ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია - „სჯული
მოუძლურდა და ურგები იქმნა სახარება...“;
2. ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო
ვარდოსანიძე - კათოლიკოს-პატრიარქებისა და სახელმწიფოს პირველი
პირების ურთიერთობა 1917-1927 წლებში;
3. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია რაფავა - გრიგოლ
ნაზიანზელის ჰომილიათა გრიგოლ ოშკელისეული თარგმანები;
4. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე -
ქართული ჰაგიოგრაფიის ისტორიიდან („დავითისა და კონსტანტინეს
მარტვილობა“).
სხდომა კითხვა-პასუხითა და მოსაზრებათა გაზიარებით დასრულდა.