თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ისტორია

თბილისის სასულიერო აკადემიის ისტორიული ფესვები - თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, საქართველოსა თუ უცხოეთის ქართულ მონასტრებთან არსებული სამწიგნობრო კერებისა და აკადემიების სახით, საეკლესიო განათლების ხანგრძლივი ტრადიცია უდევს საფუძვლად. ბერ-მონაზონთა განათლების ამაღლება მონასტრების სკრიპტორიუმებში მიმდინარე მწიგნობრული საქმიანობის, კერძოდ, უცხო ენებიდან თარგმანთა შესრულების, ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლებისა და ორიგინალური შრომების შექმნის თანმდევი პროცესი იყო.

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სასულიერო-საგანმანათლებლო კერები (IV-XVIII სს.) - ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს საზღვარგარეთის ქართულმა საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო კერებმა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს პალესტინაში საბა განწმენდილის ლავრა, სადაც ქართველებს საკუთარი ეკლესია ჰქონდათ და დიდი მწიგნობრული საქმიანობა იყო გაშლილი. სწორედ იქ გატარდა სამწერლობო ენის რეფორმა (ხანმეტობიდან ჰაემეტობაზე გადასვლა).

ლავრაში მოღვაწეობდნენ წმ. ილარიონ ქართველი (IX ს.), დიდი ლიტურგისტი იოანე ზოსიმე (X ს.), ჯვრის მონასტრის მაშენებელი გიორგი პროხორე (X-XI ს.)...

IX ს-დან ქართული ქრისტიანული კულტურის მრავლი კერა გაჩნდა ბიზანტიაში: კონსტანტინოპოლი, ილიმპო (იგივე ულუმბო), რომანა, კვიპროსი, ათონი, პეტრიწონი... წარმოდგენილი არასრული ჩამონათვალი სწორედ იმ ადგილთა სახელწოდებებია, სადაც დაუღალავად მუშაკობდნენ დიდი ქართველი მოღვაწენი.

კონსტანტინოპოლი ქართველთათვის უდიდეს სასწავლო ცენტრად იქცა. იქ განისწავლებოდნენ ღირსი არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი.

ოლიმპზე მოღვაწეობდა ილარიონ ქართველი და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი საეკლესიო პირი.

ათონის მთაზე 963 წ-ს წმ. ათანასე ათონელმა პირველი დიდი მონასტერი ააგო. ხსენებულ ლავრაში მოსაგრეობდნენ ქართველი ბერებიც, 980-983 წწ-ში კი აქ საკუთარივ ქართველთათვის დაარსდა ივერთა მონასტერი („ივირონი“) წმ. იოანე მთაწმინდელისა და წმ. იოანე თორნიკყოფილის (იგივე თორნიკე ერისთავის) უდიდესი ძალისხმევით. მამის (იოანეს) მიერ დაწყებული გზა გააგრძელა და ათონის საღვთისმეტყველო სკოლა დააარსა დიდმა მნათობმა, წმ. ექვთიმე მთაწმინდელმა (დაახ. 955-1028). ერთ-ერთი წინამძღვარი ხსენებული სავანისა იყო წმ. გიორგი მთაწმინდელი (1009-1065 წწ.), რომელმაც, მსგავსად ექვთიმე ათონელისა, ფასდაუდებელი ამაგი დასდო ძველი ქართული საეკლესიო მწერლობის განვითარებასა და გამდიდრებას.

პეტრიწონის მონასტერი - გრიგოლ ტაოელმა, ერისთავთ-ერისთავ ბაკურიანის ძემ, 1083 წ-ს ბულგარეთში დააარსა პეტრიწონის მონასტერი. ხსენებულ მონასტერს მანვე შეუდგინა ტიპიკონი (სამონასტრო წესდება) ქართულ და ბერძნულ ენებზე. მონასტერში არსებობდა ქართულენოვანი სემინარია.

გელათის აკადემია - XII ს-ის დასაწყისში ერთიანი საქართველოს მეფის, წმ. დავით აღმაშენებელის ღვაწლით, გელათის მონასტერთან დაფუძნდა აკადემია, სადაც სწავლება აგებული უნდა ყოფილიყო შუა საუკუნეების განათლების სისტემის - ტრივიუმ-ქუადრიუმ-ის მიხედვით (რიტორიკა, გრამატიკა, ფილოსოფია დიალექტიკითურთ, მათემატიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია), რასაც ემატებოდა ღვთისმეტყველება.

იყალთოს აკადემია - იოანე ზედაზნელის მოწაფისა და თანამოღვაწის, წმ. ზენონის მიერ VI ს-ში დაარსებული იყალთოს მონასტრის მნიშვნელობა, როგორც ჩანს, საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც იქ, როგორც ვარაუდობენ, XII ს-ის I ნახევარში ჩამოყალიბდა უმაღლესი სასწავლებელი - აკადემია ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის, მეცნიერისა და ღვთისმეტყველის, წმ. არსენ იყალთოელის ძალისხმევით, რომელმაც განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო. იყალთოს აკადემიაში, საფიქრებელია, სწავლის პროცესი მიმდინარეობდა იმავე პრინციპით, როგორც გელათში.

აკადემიების გარდა, სასულიერო სასწავლებლები იყო შიომღვიმის, დავით-გარეჯის, ოპიზის, ოშკის, შატბერდის, ბერთის, ხანძთის მონასტრებთან.

თბილისის სასულიერო სემინარია - 1755 წ-ს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ I-ის კურთხევით გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია. მისი პირველი რექტორი იყო ფილიპე ყაითმაზაშვილი. სემინარიაში ისწავლებოდა: „ღრამატიკა, პიიტიკა, ხელოვნება, რიტორიკა, ლოღიკა, კატიღორიები ძველისა სხოლასტიკოსისა არისტოტელესნი, მეტაფიზიკა, ფიზიკა, მორალი“. ამასთან, 1758 წ-ს თელავში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომლის საფუძველზეც 1782 წ-ს დაარსდა სასულიერო სემინარია. მისი პირველი რექტორი იყო გაიოზ არქიმანდრიტი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართულმა სასულიერო სასწავლებლებმა არსებობა შეწყვიტა.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია - უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით 1963 წ-ის 14 ოქტომბერს ქალაქ მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რაც 1965 წ-ს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. ხსენებული სასწავლებლის რექტორი 1972 წ-მდე იყო უწმინდესი და უნეტარესი ილია II, იმჟამად ჯერ (1967 წ-მდე) ბათუმ-შემოქმედელი ეპისკოპოსი, შემდეგ (1967 წ-დან) ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი (1969 წ-დან მიტროპოლიტი), ხოლო 1977 წ-დან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და, ამავე დროს, 2010 წ-დან ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რომლის ლოცვა-კურთხევითაც 1988 წ-ს დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია (მასვე შეურთდა მცხეთაში არსებული სემინარია). საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის დაუღალავი ძალისხმევის შედეგად 1990 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ამ ფაქტმა დიდად შეუწყო ხელი საეკლესიო განათლების აღორძინებას საქართველოში. 1993 წ-დან სასულიერო აკადემიის წიაღში დაფუძნდა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით. 2005 წ-ს გაიხსნა საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი, 2006 წ-ს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი.

2013 წ-ს მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის უდიდესი ავტორიტეტითა და ძალისხმევით თბილისის სასულიერო აკადემიასა დასემინარიაში შეიქმნა სადისერტაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია მიანიჭოს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება N47 29.03.2013); დაფუძნდა მესამე უმაღლესი საფეხური - დოქტორანტურა შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით: პატროლოგია, დოგმატიკა, ეკლესიის ისტორია, ბიბლეისტიკა, ლიტურგიკა, კანონიკური სამართალი. სწავლა სამივე საფეხურზე უფასოა.