სავედრებელი პარაკლისი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

15 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სიონის საკათედრო ტაძარში სავედრებელი პარაკლისი აღავლინა, რომელსაც ესწრებოდნენ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სიონის მრევლი. ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად, თანამსახურებდნენ სასწავლებელში მოღვაწე სასულიერო პირები.

პარაკლისის დასასრულს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს, მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება, დალოცა და შეახსენა ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ მათგანს ეკისრება. მამა გიორგიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი  და განუზომელი დამსახურება ერისა და ეკლესიის წინაშე.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ღრმად გააცნობიეროს პასუხისმგებლობა და შეძლოს, მოღვაწეობის ის სახე აჩვენოს, რაც სათნოა ღვთის წინაშე. ჩვენთვის დიდი მაგალითია უწმინდესი პატრიარქი. მისი მოღვაწეობით საქართველოში დაფუძნდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლები და სასულიერო სემინარიები, დაარსდა საერო უმაღლესი სასწავლებლები და აღორძინდა საღვთისმეტყველო მეცნიერება. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობამ შესაძლებელი გახადა საქართველოს წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის აღმასვლა, თითოეული თქვენგანის მოღვაწეობას კი შეუძლია ამ ეკლესიას კიდევ უფრო შემატოს ხარისხი. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების, ჩვენს კედლებში აღზრდილი სასულიერო პირებისა და სტუდენტების მოღვაწეობით დაუბრკოლებელი იყოს ჩვენი ეკლესიის შეუფერხებელი წინსვლა და აღორძინება უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით. ღმერთმა მოგანიჭოთ ჯანმრთელობა და სიკეთე, ღმერთმა ერთმანეთის სიყვარულით შეგვაძლებინოს, რომ  სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კედლებში სუფევდეს ჭეშმარიტი რწმენა და ჭეშმარიტი ცოდნა. ღმერთმა ინებოს, რომ მაცხონებელი რწმენა და მაცხონებელი ცოდნა, წმ. ეკლესიაში დავანებული უცვალებელი რჯული ღვთისა ამ სასწავლებლიდან განიფინებოდეს ჩვენს ღვთისმოყვარე ერში“, - ბრძანა რექტორმა.

მამა გიორგიმ მადლობა გადაუხადა სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვაწე სამღვდელო პირებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს, ასევე, საგანგებო მადლიერება გამოხატა საქართველოში მოღვაწე თითოეული სასულიერო პირის მიმართ, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან მართლმადიდებელი ეკლესიის წინსვლას. რექტორმა მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვა უწმინდეს პატრიარქს.       

alt alt

15.09.2025

FaceBook გვერდი