10 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) საიუბილეო საღამო გაიმართა. მეუფე საბას დაბადებიდან მე-60, ხოლო მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 30-ე წელი შეუსრულდა.
საინტერესოდ და მყისიერად დაიწყო მიტროპოლიტი საბას (ერისკაცობაში ზაზა გიგიბერია) საეკლესიო მოღვაწეობა. ინსტიტუტიდან შრომითი სემესტრით საფარის მამათა მონასტრის სარესტავრაციო სამუშაობზე მოუწია წასვლამ. მაშინ 23 წლისა იყო. მონასტრის წინამძღვრისგან სწავლობდა ბევრ რამეს. ერთხელ მისგან მოისმინა, რომ ქვეყნის წინსვლა ეკლესიის ძლიერებაზე, მონასტრებისა და ბერ-მონაზვნების სიმრავლეზე იყო დამოკიდებული. მაშინვე გადაწყვიტა, თავადაც ბერ-მონაზვნობას შემატებოდა. 25 წლისა ბერად აღიკვეცა. ხუთი წლის შემდეგ კი უკვე სამღვდელმთავრო პატივში აამაღლეს.
ჩვენს სასწავლებელს, იუბილართან ერთად, ეწვივნენ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანანია (ჯაფარიძე), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმსახურები.
სტუმრებს გალობით დახვდა სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდი ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით.
საღამო შესავალი სიტყვით გახსნა და სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
„თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ადმინისტრაციის წევრებს შორის გაჩნდა აზრი, რომ ჩვენს სასწავლებელში, როგორც ქვეყნის წამყვან უმაღლეს საღვთისმეტყველო დაწესებულებაში, აღინიშნებოდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სინოდის წევრთა საიუბილეო თარიღები, რათა ჩვენს სტუდენტებსა თუ პროფესორ-მასწავლებლებს უმაღლეს საეკლესიო იერარქიასთან უფრო ახლო ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ, კიდევ უფრო უკეთ შეიმეცნონ მოღვაწეობის არსი და ეკლესიის ერთგულების მნიშვნელობა.
ჩვენი სასწავლებლის კედლებში ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. სასულიერო აკადემიაში მღვდელმთავრების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემაა, რადგან საეკლესიო აზროვნება უპირველესი ღირებულებაა ჩვენთვის. გეზი, რომელიც დასახული აქვს ჩვენს აკადემიასა და სემინარიას, აწ განსვენებული, ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერაა განსაზღვრული. უმნიშვნელოვანესია, როცა პიროვნებას სხვისი ღვაწლის დანახვისა და დაფასების უნარი აქვს.
მეუფე საბას იუბილეს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აღნიშვნის იდეა მოიწონა და აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ. ცოტა ხნის წინ თავად კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფებოდა ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში და საგანგებოდ აღნიშნა, თუ როგორაა შეცვლილი ეს ეპარქია, რამდენადაა გაზრდილი ეკლესია-მონასტრების რაოდენობა და როგორ იღვწის მიტროპოლიტი საბა სულიერი აღმშენებლობისათვის.
დღეს მეცნიერების საერთაშორისო დღეა და ფრიად მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა სწორედ ამ დღეს შედგა. ფრიად მოხარული ვარ, რომ, მღვდელმთავრებთან ერთად, ჩვენს შეხვედრას ესწრებიან ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები,“ — ბრძანა რექტორმა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა ანანიამ. მან გაიხსენა ის დრო, როცა ეკლესია მძიმე დღეში იყო, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა დღეს არსებული ბევრი ეპარქია, როცა დაარსდა ხონის ეპარქია და უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იქ მღვდელმთავრად დადგინდა მეუფე საბა. მეუფე ანანიამ აღნიშნა, რომ ერთ დროს გაპარტახებული ეპარქია დღეს აღმშენებლობის გზაზეა. მან მეუფე საბას მიულოცა დაბადებიდან მე-60 და მღვდელმთავრად ხელდასხმიდან 30-ე წელი და „ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მშენებელი“ უწოდა.
მეუფე ანანიამ, ასევე, ხაზგასმით ახსენა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ღვაწლი ეკლესიის წინაშე და მადლობა გადაუხადა მას.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).
მეუფე თეოდორემ სიამოვნებით გაიხსენა ის დრო, როცა, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩვენს სასწავლებელს ხელმძღვანელობდა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. იმავდროულად, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული სტუდენტებთან ურთიერთობისა,“ — ბრძანა მეუფე თეოდორემ. მან მიულოცა მეუფე საბას იუბილე და ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.
მეუფე თეოდორემ მადლობა გადაუხადა მამა გიორგის ამ საღამოს ორგანიზებისათვის და, ზოგადად, ასეთი იუბილეების აღნიშვნის წამოწყებისათვის.
მღვდელმთავრებთან სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შეხვედრების იდეა მოიწონა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამაც, რომელმაც თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ორსავე მხარეს გაამდიდრებს სულიერად.
მეუფე ანდრიამ მიულოცა მეუფე საბას საიუბილეო თარიღები და აღნიშნა მისი განსაკუთრებული სიყვარული და თანადგომა აწ განსვენებული პატრიარქისადმი. მან, ასევე, გაიხსენა მიტროპოლიტი სერგის (ჩეკურიშვილი) ღვაწლი და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
„თუ დღეს ჩვენს ეკლესიაში მოღვაწეობენ მეუფე საბა, მეუფე თეოდორე და მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), ეს მიტროპოლიტი სერგის დამსახურებაა,“ — ბრძანა მიტროპოლიტმა ანდრიამ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. მან გაიხსენა უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრების დრო, როცა საქართველოს ეკლესიას სულ შვიდი მღვდელმთავარი და ორმოცდაათამდე მოქმედი ეკლესია ჰქონდა.
„1996 წელს შეიქმნა ხონისა და სამტრედიის ეპარქია და იქ მეუფე საბა დაადგინეს მღვდელმთავრად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიულად დიდი ტრადიციების მქონე მხარე იყო, სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეუფე საბას იქ ჩასვლა მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქვეყანაში პოლიტიკური და ფინანსური კრიზისი იყო. მეუფე ხუთი წლის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ასე აშენებდა ეპარქიას. ახლა იქ ოთხმოცდახუთამდე მოქმედი თუ მშენებარე ეკლესიაა.
2003 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას. ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში წაიყვანეს. სტუმარმა გაოცება ვერ დამალა, როცა ასეთი სურათი დახვდა. მას, ალბათ არ გაუკვირდებოდა, რომ ასეთი სულიერი ცხოვრება საქართველოს დიდ ქალაქებში ეხილა, მაგრამ პერიფერიაში ამას ვერ წარმოიდგენდა.
გილოცავთ, მეუფე, და მრავალჟამიერ სიცოცხლეს გისურვებთ,“ — ბრძანა ბატონმა სერგომ.
ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, მამა გიორგი ზვიადაძეს ასეთი წამოწყებისათვის და აღნიშნა, რომ მღვდელმთავრებთან შეხვედრები სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განაახლებს იმ სადღესასწაულო განწყობას, რასაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სტუმრობა ქმნიდა ხოლმე.
მღვდელმთავრებს სიტყვით მიმართა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ. მან მიულოცა მეუფე საბას საიუბილეო თარიღები და აუდიტორიას შეახსენა მეუფის უკომპრომისო პოზიცია ქვეყნისთვის საეტაპო პერიოდებში.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთაგან მეუფე საბა გახლდათ პირველი, რომელმაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს „სიყვარულის პატრიარქი“ უწოდა.
დიახ, მაშინ, როცა პატრიარქ ილია II-ის ცხედარი წმიდა სამების ტაძარში იყო დაბრძანებული და მთელი ერი გლოვობდა, მეუფე საბას გულიდან ამოხეთქილმა სიტყვებმა „პატრიარქო, გვიყვარხარ,“ ჩვენს გულებში გაიარა და სიხარულით, იმედითა და სიყვარულით აღგვავსო...
მადლობა, მეუფეო, ამ სიტყვებისათვის,“ — ბრძანა მამა ბიძინამ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორმა, თეოლოგიის დოქტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ედიშერ ჭელიძემ. მან მიულოცა მიტროპოლიტ საბას იუბილე და მადლიერებით აღნიშნა მისი არაერთი თანადგომა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტის განხორციელებაში.
დასასრულს საზოგადოებას სიტყვით მიმართა მიტროპოლიტმა საბამ. მან გულითადი მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორსა და თითოეულ პირს, ვინც საიუბილეო საღამოს მოწყობაში მონაწილეობდა. მეუფემ დამოძღვრა სტუდენტები და მუდამ სულიერი წინსვლის გზით სიარულისკენ მოუწოდა.
„იმდენი რამ მოვისმინე ჩემს შესახებ, აღარც ვიცი, მიხაროდეს თუ მეშინოდეს. თუ თქვენ ჩემს გვერდით იქნებით, მაშინ ალბათ უნდა მიხაროდეს, ხოლო თუ მე თქვენ მიგატოვებთ, მაშინ უნდა მეშინოდეს. მაგრამ დიდი იმედი მაქვს ერთობისა. იქ, სადაც არის ერთგულება, იქ, სადაც არის ერთობა, არის წარმატებაც. დიდი მადლობა ყველას. არ ვიცი, რაში გამოგადგებით, მაგრამ არავის არასდროს დაგზარდებით, თუ რამ შემეძლება თქვენთვის,“ — ბრძანა მეუფემ.
დასასრულს რექტორმა სტუმრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მობრძანებისათვის, ასევე, მადლობა გადაუხადა ბატონ სერგო ვარდოსანიძეს, რომელიც საიუბილეო საღამოს მოწყობას ხელმძღვანელობდა. მამა გიორგიმ სტუმრებს საჩუქრად გადასცა ჩვენს სასწავლებელში გამოცემული ძვირფასი წიგნები, მეუფე საბას კი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სახელით პანაღია უსახსოვრა.
სტუმრები გალობით გააცილა თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა
გუნდმა ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.

