სამძიმარი

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) გარდაცვალების გამო.
სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის სასულიერო პირებსა და მრევლს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მიტროპოლიტი აბრაამი ათი წლის განმავლობაში -1993–2003 წლებში - იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი. მისი რექტორობის დროს სასულიერო აკადემიაში გაიხსნა საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ღვთისმეტყველების, ხელოვნებათმცოდნეობისა და უცხო ენების კათედრები. მეუფე აბრაამის ინიციატივით დაარსდა გაზეთი „თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია“ და ჩატარდა არაერთი სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია.
მიტროპოლიტი აბრაამი იყო ძალიან გულისხმიერი ადამიანი; მის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
25.11.2026

FaceBook გვერდი