მომავალმა ხელოვნებათმცოდნეებმა მოინახულეს
საგარეჯოს რაიონში - სოფელ ნინოწმინდაში - მდებარე ნინოწმინდის
კომპლექსი. დეტალურად განიხილეს, აღწერეს ნინოწმინდის კომპლექსის
მთავარი ნაგებობა - VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი
(გადმოცემის თანახმად, წმ. ნინომ სწორედ ამ ადგილას დაისვენა და მის
პატივსაცემად აშენდა ეს ტაძარიც). პედაგოგების დახმარებით სტუდენტებმა
გამოკვეთეს ტაძრის გადაკეთება-რეკონსტრუქციის კვალი/ნიშნები (ტაძარი
არაერთხელ გადაუკეთებიათ IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში. კარიბჭის
წარწერიდან ვიგებთ, რომ 1671 წელს ტაძარი განუახლებია
ნინოწმინდელ ეპისკოპოსს – ნიკოლოზ ანდრონიკაშვილს). სტუდენტებმა
მოინახულეს საგარეჯოში არსებული გვიანი შუა საუკუნეების
„პეტრე-პავლეს“ სახელობის ეკლესია, ბოდბის დედათა მონასტრის კომპლექსი
და სიღნაღის ისტორიული მუზეუმი. სიღნაღის მუზეუმში ვიზიტისას
სტუდენტებისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და საგულისხმო აღმოჩნდა
მოსე თოიძის ახალი ექსპოზიციისა და მირზაანის მუზეუმიდან დროებით
გადმოტანილი ფიროსმანის ნახატების დათვალიერება/შესწავლა.
აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ
მსგავსი ხასიათის გასვლითი ლექცია-სემინარები, დისკუსიები უდიდესი
საგანმანათლებლო-შემეცნებითი შინაარსისა და ემოციური მუხტის
მატარებელია სტუდენტებისათვის. ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიის
პედაგოგების - ასმათ ოქროპირიძისა და რუსუდან ვაშალომიძის -
მონათხრობით, ჩვენი წარსული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების
შესახებ სრული, ამომწურავი და, ამასთანავე, ვიზუალურად დადასტურებული
ინფორმაცია მიიღეს ჩვენმა მომავალმა ხელოვნებათმცოდნეებმა.








