გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი

ა/წ 14 ნოემბერს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში მოღვაწე მოძღვრებსა  და სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად თსასის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი აღასრულა.

პანაშვიდს ესწრებოდნენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და  სტუდენტები. მსახურების შემდეგ, ქადაგებაში,  პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ  ყურადღება გაამახვილა პატრიარქის განუზომელ ღვაწლზე და აღნიშნა, რომ უწმინდესმა თავისი უდიდესი ავტორიტეტით, სიბრძნითა და თანმიმდევრულობით ურთულეს წლებში დააარსა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა და გარდაცვლილ პედაგოგთაგან უმეტესმა სწორედ  პატრიარქის მოწვევით დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა ჩვენს სასწავლებელში.

პროტოპრესვიტერმა დიდი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა თითეული მათგანის მიმართ, ისაუბრა გარდაცვლილ პედაგოგთა განუსაზღვრელ ღვაწლსა და დამსახურებაზე  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმატებაში. უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამოხატა იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც აკადემიასა და სემინარიაში იღებდნენ განათლებას და დღეს ჩვენ შორის აღარ არიან. ღმერთმა დაამკვიდროს მათი სულები იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, - ბრძანა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მან დალოცა და წარმატებები უსურვა ტაძარში შეკრებილთ.
აღსანიშნავია, რომ  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის გარდაცვლილ პედაგოგთა, სტუდენტთა და თანამშრომელთა სულის მოსახსენებელი დიდი პანაშვიდი ყოველწლიურად აღევლინება სიონის საპატრიარქო ტაძარში.
alt altalt

14.11.2025

FaceBook გვერდი