საჯარო ლექცია - აკაკი ქართული ეკლესიის ქომაგი

28 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აკაკი ქართული ეკლესიის ქომაგი“. მომხსენებელი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ჯულიეტა  გაბოძე.
      „აღსანიშნავია, რომ თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 2010 წლიდან დაიწყო აკაკი წერეთლის თხზულებათა ახალი აკადემიური ოცტომეულის გამოცემა, რომელიც შევსებული და გამდიდრებულია უცნობი ან ნაკლებად ცნობილი  საარქივო მასალით. აღნიშნული ლექცია გახლავთ საჯარო ლექციათა  ციკლის -„აკაკი შემოქმედი და მოღვაწე“ -  გავრცობილი ნაწილი, იგი ემყარება გამოქვეყნებულ  სამეცნიერო მასალებს და, აგრეთვე, იმ უცნობ საარქივო ცნობებს, რომელთა გამოვლენა წლების მანძილზე ვერ ხერხდებოდა ჯერ მეფის რუსეთისა და შემდეგ საბჭოთა ცენზურის რეჟიმის გამო“, - ბრძანა მომხსენებელმა.
    ლექციის ფარგლებში ქ-ნმა ჯულიეტამ ისაუბრა აკაკის ოჯახური ტრადიციისა და, ზოგადად, წერეთლების ოჯახში დაცული საეკლესიო ნივთების შესახებ. წარმოადგინა უცნობი და მეტად საგულისხმო დოკუმენტური მასალა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: აკაკი ეკლესიის დამცველი, აკაკის როლი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში,  აკაკის მიერ ეკლესიისთვის შეწირული ნივთები. აკაკის წერილებისა და  შესაბამისი დოკუმენტური მასალის საფუძველზე ქალბატონმა ჯულიეტამ განიხილა საკითხები: აკაკი  ქართული ეკლესიის გულშემატკივარი, აკაკის ურთიერთობა მღვდელმთავრებთან და სხვა.
 შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მოხსენებამ  დიდი დაინტერესება გამოიწვია და გამოითქვა სურვილი სამომავლო შეხვედრისა.
alt
28.10.2025

FaceBook გვერდი