სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

30 მარტს  თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის სტუდენტის დავით გეწაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ყოვლადწმინდა სამების დოგმატის ტერმინოლოგიის ისტორია  IV საუკუნეში“.  ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია; რეცენზენტი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე; ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მედეა ღლონტს.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი , პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
სამაგისტრო ნაშრომი - „ყოვლადწმინდა სამების ტერმინოლოგიის ისტორია IV საუკუნეში“ - ქრისტიანული ღვთისმეტყველების ისეთ ფუნდამენტურ საკითხს ეხება, როგორიცაა სამების (ტრინიტარული) დოგმატი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამების დოგმატი ქრისტიანული ეკლესიის პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში დიდი დავისა და დაპირისპირების საგანი იყო, რის საფუძველზეც ბევრი ერეტიკული სწავლება აღმოცენდა.
მაგისტრანტმა ნაშრომში  წარმოაჩინა ის გზა და საღვთისმეტყველო პრინციპები, რომლებიც ამ დოგმატის ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესს ასახავს.გთავაზობთ ამონარიდებს მისი მოხსენებიდან:  ,, სამების შესახებ ახალაღთქმისეული სწავლება ზოგ განმმარტებელს არამართებულად ესმოდა, რაც სხვადასხვა ერეტიკული სწავლების საფუძველი გახდა. ამის მაგალითია დინამისტებისა და მოდალისტების ანტიტრინიტარული ცრუ სწავლებები. პირველნი მხოლოდ მამის ჰიპოსტასს აღიარებდნენ, ხოლო ძესა და სულიწმინდას მის ძალებად მიიჩნევდნენ. მეორენი კი ასწავლიდნენ, რომ ღმერთი, როგორც არსით, ისე ჰიპოსტასითაც ერთია,  იგი კაცობრიობას ხან მამის, ხან ძისა და ხან სულიწმინდის სახით ევლინება. იმავდროულად, შეინიშნებოდა ტრინიტარული სუბორდინაციის სწავლების ტენდენციაც, რაც ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასთა შორის იერარქიას გულისხმობს.
ყოველივე ამის საპირისპიროდ ეკლესიის მამები  ცდილობდნენ შეემუშავებინათ ისეთი ტერმინოლოგიური ფორმულები, რომელებიც ზუსტად გადმოსცემდა ყოვლადწმინდა სამების დოგმატს. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანეს წმინდა ათანასე დიდმა და კაბადოკიელმა წმინდა მამებმა (ბასილი დიდი,  გრიგოლ ღვთისმეტყველი,  გრიგოლ ნოსელი). დიდი ერუდიციისა და მაღალი სულიერების წყალობით, მათ შეძლეს ტრინიტარული დოგმატის  ფორმულირება და იგი  დღეს აღიარებულია  მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ“. 
„კაბადოკიელმა მამებმა ამ ურთულესი ამოცანის გადაჭრა ანტიკური ფილოსოფიური ტერმინების ახლებურად გააზრების საფუძველზე ახალი საღვთისმეტყველო ენის შექმნით შეძლეს.  სიძნელეს ტერმინი „ერთარსი“ ქმნიდა, კერძოდ, ნიკეის კრების ღვთისმეტყველებაში სწავლება ღმერთის ერთობაზე (რომ ღმერთი არსით ერთია) უფრო მკვეთრად  ჩანდა, ვიდრე სწავლება იმისა, რომ ერთი ღმერთი ამავე დროს სამპიროვანია, რაც საბელიოზის ცრუსწავლების მიმდევრებში ეჭვის საბაბს იძლეოდა. საჭირო იყო ტერმინებს - არსი და ჰიპოსტასი - შორის არსებული განსხვავება ზუსტად დადგენილიყო და ლოგიკურად დასაბუთებულიყო. ღვთის სამივე ჰიპოსტასი წმინდა წერილში დასტურდება, მაგრამ ღვთისმეტყველთა წინაშე ამოცანად იდგა არა მათი რეალური სუბსტანციის დასაბუთება, არამედ სამის არსებითი ერთობის ერთარსობის ჩვენება. ეს ამოცანა  წმინდა ბასილი დიდმა გადაჭრა ტერმინ „ჰიპოსტასისთვის“ ახლებური შინაარსის მიცემით, როდესაც იგი მეორე ტერმინისგან - „არსება“ - გამოაცალკევა.
ქრისტიანული ღვთისმეტყველება თავდაპირველად ტერმინ „ჰიპოსტასს“ მეორე ანტიკური ტერმინის - „უსიას“ - სინონიმად იყენებდა. მართალია, ალექსანდრიის 362 წლის კრებამ მეტნაკლებად შეძლო მათი შინაარსობრივად გამიჯვნა, მაგრამ მათ შორის მკვეთრი ზღვარის გავლება, ჰიპოსტასისთვის ახალი შინაარსის მიცემა დიდი კაბადოკიელი მამების - წმინდა ბასილი დიდის, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა გრიგოლ ნოსელის სახელს უკავშირდება… ნაშრომში გადმოცემულია კაბადოკიელთა ღვაწლი ამ უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მისიის შესრულების თვალსაზრისით. არსისა და ჰიპოსტასის ტერმინებს წმინდა ბასილი დიდი თავის უმცროს ძმას, წმინდა გრიგოლ ნოსელს განუმარტავს 38-ე წერილში, სადაც მან ეს ტერმინები ისე გამიჯნა, რომ დაესაბუთებინა სამი პირის, როგორც ონტოლოგიური არსებობა, ისე მათი არსობრივი თვისებების სრული იგივეობა, ანუ ბუნებითი ერთობა. ამისთვის წმინდა ბასილი დიდმა  „არსისა და ჰიპოსტასის“, ზოგადისა და კერძოს, საერთოსა და კონკრეტულის დასაპირისპირებლად არისტოტელეს ლოგიკური საშუალებანი გამოიყენა. წმინდა მამასთან  ჰიპოსტასი იგივეა, რაც არისტოტელეს პირველი უსია (არსი), ხოლო არსი  არისტოტელეს მეორე უსიას - ზოგადს - უიგივდება. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სწავლება სამების შესახებ მის მე-40 სიტყვაშია გადმოცემული,  იგი  გაგრძელებაა  წმინდა ბასილის მიერ გადმოცემული სწავლებისა. კაბადოკიური სკოლის მესამე დიდი წარმომადგენელი წმინდა გრიგოლ ნოსელი კი სამების დოგმატს ასე აყალიბებს: „საღვთო ცხოვრების სისავსე გამოიხატება ერთარსი და განუყოფელი სამების საიდუმლოში“.
კრების მთავარ დოგმატურ განსაზღვრებას მისი სიმბოლო წარმოადგენს, რომელსაც ადრეულ ეპოქაში 150 წმინდა მამის მრწამსად მოიხსენიებდნენ, ხოლო შემდგომში მას „ნიკეა-კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო“ ეწოდა - დასკვნის სახით დასძინა დავით გეწაძემ. 
სამაგისტრო ნაშრომი დადებითად შეაფასეს ხელმძღვანელმა, ღვთისმეტყველების დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ და რეცენზენტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ.  თითოეულმა მათგანმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ განსაკუთრებულ   სიბეჯითეს, გულმოდგინებასა  და პასუხისმგებლობას, რომელსაც  ნაშრომზე მუშაობისას იჩენდა მაგისტრანტი. 
ნაშრომმა დამსწრე საზოგადოების მოწონება  დაიმსახურა.  დასმულ შეკითხვებს დავით გეწაძემ  ამომწურავი, კვალიფიციური პასუხები გასცა.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ  მიულოცა მაგისტრანტს ნაშრომის დაცვა, საგულისხმო რჩევები მისცა და  წარმატებები უსურვა. 
 
30.03.2023

FaceBook გვერდი