ხატწერის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
შემფასებელი კომისიისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა ხუთი
სტუდენტი: დავით რუხაძე, ანა ლიქოკელი, რუსუდან ახობაძე, თეკლე
გელაშვილი და გოგი შეყილაძე. საბაკალავრო ნაშრომის თემა იყო -
„ვედრების კომპოზიცია“. ხელმძღვანელი: ხატწერის ლაბორატორიის გამგე,
მხატვარ-რესტავრატორი ლაშა ვანიძე.
სადიპლომო ნაშრომებზე მუშაობისას დიპლომანტები
ხელმძღვანელობდნენ სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტრის
(მე-13 ს.) ვედრების რიგისა და უბისის მონასტრის (მე-14 ს.)
არქიტრავზე დაბრძანებული ვედრების რიგის ხატების
მახასიათებელთა/მონაცემთა გათვალისწინებით.
ვედრების კომპოზიციიდან დავით რუხაძემ წარმოადგინა
მაცხოვრის ხატი; თეკლე გელაშვილმა - ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის ხატი; ანა ლიქოკელმა - მთავარანგელოზ მიქაელის
ხატი, რუსუდან ახობაძემ - მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი, გოგი
შეყილაძემ - იოანე ნათლისმცემლის ხატი.
საბაკალავრო ნაშრომების შემფასებელმა კომისიამ - თავმჯდომარე:
მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის
მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ
ბუჩუკური; წევრები: ფაკულტეტის დეკანი,
დეკანოზი იოსებ ვანიძე, გეოლოგიის დოქტორი, პროფესორი
მურად ტყემალაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა
კოპლატაძე - უმაღლესი ქულით შეაფასა სტუდენტთა ნამუშევრები და
მათ მიენიჭათ ხატწერის ბაკალავრის აკადემიური
ხარისხი.
სხდომას ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი
ზვიადაძე. მან მიულოცა სტუდენტებს საბაკალავრო ნაშრომების
წარმატებული დაცვა და შემდგომი ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა თითოეულს.
თავის მიმართვაში მამა გიორგიმ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიასა
და სემინარიაში მონუმენტური და დაზგური ხატწერის სკოლის აღორძინების
მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ იგი უნდა ეფუძნებოდეს
საღვთისმეტყველო განათლებასა და იმ მნიშვნელოვან პრაქტიკულ თუ
თეორიულ ცოდნა-გამოცდილებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე
შემონახულა და დაცულა ჩვენი ეკლესიის წიაღში.
დამსწრეთა შორის იყვნენ: თსას პრორექტორი სასწავლო და
ადმინისტრაციულ დარგში, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.









