დიპლომის დაცვა

ამა წლის 22 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა აკადემიის სტუდენტის ზურაბ ხეთერელის სამაგისტრო ნაშრომის - ,,ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველებანი ჟამთა აღსასრულისა და საყოველთაო აღდგომის შესახებ“ - დაცვა. ნაშრომის ხელმძღვანელი - თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ორჟონია; რეცენზენტი - თეოლოგიის დოქტორი ცოტნე ჩხეიძე;  ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მედეა ღლონტს.

ზურაბ ხეთერელის სამაგისტრო ნაშრომი ცხრა თავის, შესავლისა და დასკვნისაგან შედგება.   მაგისტრანტი ნაშრომის შესავალში,  იოანე დამასკელისა და იოანე ოქროპირის   სწავლებებზე დაყრდნობით,  მსჯელობს ღვთის  შემეცნების სახეებზე. ძირითად ნაწილში კი საეკლესიო ლიტერატურას კომპარატიული მეთოდით განიხილავს,  შესწავლის წინასწარმეტყველებებს მაცხოვრის მეორედ მოსვლისა და კაცობრიობის მკვდრეთით აღდგომის შესახებ.  მაგისტრანტი  საკითხს შემდეგი თანმიმდევრობით განიხილავს: ,,ადამიანისა და სამყაროს განახლება ჟამთა აღსასრულისას“, ,,წინასწარმეტყველებები ფსალმუნებში“, ,,ესაიასა და ეზეკიელის წინასწარმეტყველებები საყოველთაო აღდგომის შესახებ“, ,,მალაქიას წინასწარმეტყველება საყოველთაო აღდგომის შესახებ“, ,,მალაქიას წინასწარმეტყველება მეორედ მოსვლის შესახებ“, ,,ენუქისა და ელიას მოვლინება ჟამთა აღსასრულის წინ“, ,,ებრაელთა მოქცევა საყოველთაო აღდგომის წინ“, ,,დანიელ წინასწარმეტყველის ხილვა მეორედ მოსვლაზე“, ,,ანტიქრისტეს გამოჩენა ჟამთა აღსასრულის წინ“, ,,წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლება კაცობრიობის გამრავლებისა  და მეორედ მოსვლის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ხეთერელმა გაითვალისწინა კომისიის წევრთა მიერ წინადაცვზე მიცემული შენიშვნები, მითითებები და  ნაშრომი სრულყო როგორც შინაარსობრივი, ისე ენობრივი თვალსაზრისით. 

სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სამეცნიერო საბჭოს წევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

 ზურაბ ხეთერელმა  ამომწურავად უპასუხა კომისიის თავმჯდომარის , პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და  პროფესორ-მასწავლებელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.  

 თემის ხელმძღვანელმა და რეცენზენტმა დადებითად შეაფასეს ნაშრომი. კომისიის წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, ზურაბ ხეთერელს  მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

22.11.2022

FaceBook გვერდი