გახსენება

95 წლის ასაკში გარდაიცვალა  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადამიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე.
გრძელი გზა გაიარა ბატონმა ზურაბმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ: იყო  საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის რედაქტორი,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული  ენის კათედრის ასისტენტი, შემდეგ - ამავე კათედრის დოცენტი და პროფესორი, ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე. ზურაბ ჭუმბურიძემ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა  მხოლოდ უნივერსიტეტის კედლებით არ შემოფარგლა: მუშაობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, იყო მწერალთა კავშირის წევრი, ლექციებს კითხულობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. 
ზურაბ ჭუმბურიძე მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია. მისი ინტერესის სფეროში  თავიდანვე მოექცა ქართველური ენები:"სვანური ენის ლენტეხური კილოს ფონეტიკური თავისებურებანი" და  "მყოფადი ქართველურ ენებში" - მისი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების თემებია.
ბატონი ზურაბის  ერთ-ერთი ძირითადი საკვლევი თემა ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები იყო. მრავალ ადამიანს გააცნო ბატონმა ზურაბმა ძველი ქართული ხელნაწერები და მათი შემქმნელი ქართული სასულიერო მწერლობის ფუძემდებლები: დიდი საეკლესიო მამები, მოაზროვნეები და მთარგმნელები. ამ სფეროს  ნაშრომთა დასახელებაც კი ნათელს ხდის, თუ რას ემსახურებოდა  ზურაბ ჭუმბურიძე თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე:  "ქართული სალიტერატურო ენისა და სტილის საკითხები", "სალიტერატურო ენა და მწერლობა"; "რა გქვია შენ?“  "ლიტერატურული წერილები", "მადლი დედაენისა", "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ"... 
ზურაბ ჭუმბურიძის ღვაწლი ღირსეულად დაფასდა მის სიცოცხლეშივე: მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი, წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია, ვაჟა-ფშაველასა და შიო მღვიმელის სახელობის პრემიები. სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ბატონი ზურაბი 2012 წელს წმიდა გიორგის ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
 
ზურაბ ჭუმბურიძე მის კოლეგებსა და მოსწავლეებს დაამახსოვრდებათ როგორც ღრმად განათლებული, დიდი ცოდნის მატარებელი მეცნიერი და პედაგოგი, რომელიც ამ ცოდნას უშურველად და დიდი სიკეთით გადასცემდა გარშემო მყოფთ.
 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კოლექტივი  მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი მეცნიერის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
12.02.2022

FaceBook გვერდი