გახსენება

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კოლექტივი  ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ძველი ქართული ფილოლოგიის ცნობილი მკვლევარი, ლიტერატურის ისტორიკოსი, არქეოგრაფი - ენრიკო გაბიძაშვილი.
ბატონი ენრიკო მის მიერ განვლილი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ისეთივე რუდუნებით ემსახურებოდა ქართულ ფილოლოგიურ სკოლას, როგორც ამას  დიდი ათონელი მამები აკეთებდნენ. ძველი ქართული სასულიერო მწერლობის არაერთი დარგის კვლევას დაამჩნია მან ღრმა კვალი და ეს განსვენებულის ნიჭის, ერუდიციის, შემოქმედებითი  აზროვნებისა და დიდი შრომის შედეგია.
ენრიკო გაბიძაშვილმა თავისი სამეცნიერო მოღვაწეობა ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ილია აბულაძის მიერ ახლად დაარსებულ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაიწყო. ილია აბულაძის ხელმძღვანელობით იმხანად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების კრიტიკულ ტექსტთა სრული აკადემიური გამოცემისათვის. 1965 წელს ამ პროექტის ფარგლებში ენრიკო გაბიძაშვილმა გამოსცა თავისი პირველი მონოგრაფიული ნარკვევი - „ექვთიმე მთაწმიდელის ცხოვრების სვინაქსარული რედაქცია”. 
მკვლევარმა ათწლეულების მანძილზე უამრავი მონოგრაფიული ნაშრომი და სტატია შექმნა ძველი ქართული მწერლობის სხვადასხვა დარგში, განსაკუთრებით კი ჰომილეტიკასა და კანონიკაში. 
1968 წელს ე. გაბიძაშვილმა გამოსცა ქართველ წმინდანთა სვინაქსარული „ცხოვრება-წამებების” 43 ტექსტი.  წიგნი გამოიცა ილია აბულაძის მიერ დაარსებული სერიით - „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები”. ამ სერიაში შევიდა განსვენებულის კიდევ სამი ნაშრომი: დავით გარეჯელის მეტაფრასული ცხოვრების კრიტიკული ტექსტი; ბიბლიოგრაფია ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებისა და ლექსიკონი; კათალიკოს ანტონ I-ის მარტიროლოგიური კრებულის („წიგნი მარტირიკა”) კრიტიკული ტექსტი და გამოკვლევა (მ. ქავთარიას თანაავტორობით).
ენრიკო გაბიძაშვილმა 1991 წელს გამოსცა მონოგრაფია „წმინდა გიორგი ძველ ქართულ მწერლობაში”, რომელშიც თავი მოუყარა ცნობებს წმ. გიორგის შესახებ ქართულ ორიგინალურ და თარგმნით ლიტერატურაში. ნაშრომი ორი ნაწილისაგან შედგება: „წმ. გიორგი ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში” და „ქართული ორიგინალური თხზულებები წმ. გიორგის შესახებ”.
გასული საუკუნის მიწურულს ხელნაწერთა ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა ნათარგმნი მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულების შესწავლისა და გამოცემისათვის. ამ კვლევის ფარგლებში ენრიკო გაბიძაშვილმა შეისწავლა და გამოსაცემად მოამზადა თებერვლის მეტაფრასული კრებულის საკითხავები.
ენრიკო გაბიძაშვილი მუშაობდა კანონიკური მწერლობის მიმართულებითაც. ამ დარგში მან შექმნა ორი ფუნდამენტური გამოკვლევა, რომელთაგან ერთი ეძღვნება კანონიკური სამართლის დიდ კორპუსს - არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ „დიდ სჯულისკანონს”, მეორე კი - მასზე დართულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერას. 
ე. გაბიძაშვილმა შექმნა უმნიშვნელოვანესი კოდიკოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ექვსტომეული - „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები”. ამას მოჰყვა კიდევ ერთი კოდიკოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომი - „ძველი ქართული ორიგინალური სასულიერო მწერლობა და თხზულებათა დარგობრივი ბიბლიოგრაფია”. 
ენრიკო გაბიძაშვილი ნაყოფიერად მუშაობდა ენციკლოპედიურ სფეროშიც. ამ დარგში მისი პირველი ნაშრომია „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი”, რომელიც ორ თანაავტორთან ერთად შეადგინა. მისი ათობით სტატია შეტანილია როგორც ქართულ, ასევე, უცხოურ ენციკლოპედიებში. 
ბოლო ათწლეულის მანძილზე ბატონი ენრიკო გაბიძაშილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის კონსულტანტი. მისმა ნაშრომებმა თუ მაღალპროფესიონალურმა რჩევებმა ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ყველა სფეროში აკადემია-სემინარიის არაერთ მაგისტრანტსა თუ დოქტორანტს გაუკვალა გზა საღვთისმეტყველო და ფილოლოგიური კვლევების მიმართულებით. ენრიკო გაბიძაშვილის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ძეგლიც თბილისი სასულიერო აკადემიის ეგიდით გამოიცა. 
 
19.12.2021

FaceBook გვერდი