საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

 
2020 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს ეზოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისთვის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი არჩილ თალაკვაძე,  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დიპლომატიური კორპუსის დუაიენი, ვატიკანის ელჩი საქართველოში, ჟოზე ბეტანკური, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, ბატონი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი როინ მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, ბატონი რამაზ ხუროძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი, ბატონი ზაზა მარუაშვილი, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე არის ეპოქალური მნიშვნელობის. პროტოპრესვიტერმა გაიხსენა, რომ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მოეპოვებინა ცნობისა და აღიარების სიგელი, რაც დაადასტურებდა მის უძველეს ავტოკეფალიას, მანვე დააფუძნა თბილისის სასულიერო აკადემია, როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა. ამ სასწავლებლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საღვთისმეტყველო მეცნიერების აღორძინება და განვითარება საქართველოში. საქართველოს პატრიარქი რამდენიმე წელი თავად ბრძანდებოდა ამ სასწავლებლის რექტორი. 
პროტოპრესვიტერმა აღნიშნა, რომ პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტით თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაფუძნდა სადისერტაციო საბჭო მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, რაც არის უპერეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, აღნიშნულ სასწავლებელს სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს დადებული მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან. საპატიო დოქტორის წოდების გადაცემით კი თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია უდიდეს მადლიერებას და მოწიწებას გამოხატავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  განუზომელი ღვაწლისადმი. 

სიტყვის წარმოთქმის შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საპატიო დოქტორის დიპლომის ტექსტი, რომელიც შეიმუშავა სასწავლებლის სამეცნიერო საბჭომ:

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის საყოველთაოდ აღიარების, ეკლესიის აღორძინების, საღვთისმეტყველო განათლებისა და მეცნიერების განვითარების, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის - თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნების,  ქართველი ერის გამთლიანებისა და სულიერი განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს  დადგენილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მიენიჭა ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო დოქტორის წოდება (Doctor Honoris Causa)“.

ამის შემდეგ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პატრიარქს გადასცა დიპლომი და გრაგნილი, სადაც მოთავსებულია აღნიშნული ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა არჩილ თალაკვაძემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გიორგი კვესიტაძემ და ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ჟოზე ბეტანკურმა. მათ ისაუბრეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ ღვაწლზე, მადლობა გადაუხადეს მას საქართველოს ეკლესიისა და ერისთვის გაწეული დაუღალავი შრომისთვის და მიულოცეს სემინარია-აკადემიის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება. 

საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქის დამსახურებით, საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერი აშენდა და აღორძინდა, რელიგიური განათლება გახდა ხელმისაწვდომი ყველასთვის და დაარსდა სხვადასხვა პროფილის საგანმანათლებლო დაწესებულება. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უდიდესი პიროვნება ბრძანდებით და ვარ ბედნიერი, რომ მაქვს პატივი, თქვენი მოღვაწეობის პერიოდში ვიყო საქართველოს პრეზიდენტი“.

ბატონმა არჩილ თალაკვაძემ ბრძანა, რომ ერისა და სამშობლოს წინაშე მისი უწმინდესობის ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. საქართველოს პატრიარქი თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და რწმენის სიმტკიცით ყველას აძლევს მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პატრიარქის თაოსნობით თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ახალგაზრდებს გადასცემს ცოდნას და უმნიშვნელოვანეს მწიგნობრულ საქმიანობას ეწევა, რითაც ქართველი ერის თვითმყოფადობასა და ისტორიულ მეხსიერებას განამტკიცებს.

მიტროპოლიტმა შიომ თავისი სიტყვის შესავალში აღნიშნა: „დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ვფიქრობთ იმ დიდ ღვაწლზე, რომელსაც თქვენ ათწლეულების განმავლობაში ეწევით მეცნიერების და განათლების განვითარების მიმართულებით“. მეუფე შიომ ბრძანა, რომ მისი უწმინდესობის ძალისხმევით ქვეყნის ინტელიგენცია ეკლესიას დაუკავშირდა, საეკლესიო წიაღში დაფუძნდა მაღალი დონის საგანმანათლებლო კერები, მრავალმა ადამიანმა სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან სასულიერო სფეროში განაგრძო მოღვაწეობა. მისმა მაღალყოვლადუსმაღვდელოესობამ აღნიშნა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში აღდგა საგანმანათლებლო ტრადიციები, ავტოკეფალიის გაუქმებამდე სამეცნიერო კერათა არსებობას რომ უკავშირდებოდა. შემდეგ მეუფე შიომ მოკლედ მიმოიხილა მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოში საღვთისმეტყველო  განათლების აღორძინების საქმეში.

ბატონმა გიორგი კვესიტაძე შემდეგნაირად მიმართა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას: „თქვენო უწმინდესობავ დღევანდელი დღე უდავოდ სასიამოვნოა თქვენთვის, მაგრამ გაცილებით უფრო სასიხარულოა იმ აკადემიისთვის, რომელიც თქვენ დღეს გირჩევთ საპატიო დოქტორად“. ბატონმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მეცნიერების განვითარება ყოველთვის ეკლესიის წიაღს უკავშირდებოდა და დღესაც სასულიერო აკადემია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით წარმატებით ასრულებს ამ ფუნქციას.

ვატიკანის ელჩმა საქართველოში, ჟოზე ბეტანკურმა საქართველოს პატრიარქს გადასცა რომის პაპის მოკითხვა და უთხრა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მის მიმართ აქვთ უდიდესი პატივისცემა, მეგობრობა და თანადგომა. მან აღნიშნა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებს და აფასებს პატრიარქის განსაკუთრებულ მოღვაწეობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ხალხის წინაშე, საპატიო დოქტორის წოდებით კი თბილისის სასულიერო აკადემია აღიარებს საქართველოს პატრიარქის განსაკუთრებულ ღვაწლს და პატივისცემას გამოხატავს მისი პიროვნების მიმართ.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა: „მთელი ჩემი სიცოცხლე მე ვემსახურე საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია. მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა იყო მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ერთობა მეცნიერებისა და სულიერებისა - ეს არის მთავარი მიზანი, აი, ამ ერთობაში ჰპოვებს ჩვენი ერი ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისათვის. დალოცვილი იყავით, ჩვენთან არს ღმერთი!“
 
06.10.2020

FaceBook გვერდი