პროფესორ ბუბა კუდავას საჯარო ლექცია

საქართველოს კუთხეთაგან ისტორიული მისიითა და  ხუროთმოძღვრული ძეგლების სიმრავლით ერთ-ერთი გამორჩეულია ტაო-კლარჯეთი, მესხეთის, დღევანდელი თურქეთის, საზღვრებში მოქცეული ნაწილი. 
ამ განსაკუთრებულ მისიასა და ტაო-კლარჯეთის  კულტურის ძეგლებს მიუძღვნა საჯარო ლექცია  ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ბუბა კუდავამ,  რომელიც 28 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა.

ტაო-კლარჯეთი გამორჩეული იმითაცაა, რომ ის ყველაზე დიდია  საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს შორის. გარდა ამისა, მესხეთის ეს ნაწილი ყველაზე მიუწვდომელიც იყო ქართველი კაცისათვის და, შესაბამისად,  შეუსწავლელიც. საქართველოს უკლებლივ ყველა მოსაზღვრის ადმინისტრაციულ ფარგლებშია მოქცეული ჩვენი მიწების დიდი თუ პატარა ნაწილი, მაგრამ პოლიტიკური ვითარება იმგვარად წარიმართა, რომ ყველგან შეეძლო ქართველს მისვლა, გარდა ტაო-კლარჯეთისა. უთუოდ ეს ვითარებაცაა მიზეზი იმ განსაკუთრებული ინტერესისა, რასაც ქართველი კაცი ტაო-კლარჯეთის მიმართ იჩენს. ეს განსაკუთრებული ინტერესი სასულიერი აკადემიისა და სემინარიის აუდიტორიასაც ჰქონდა.

პროფესორი ბუბა კუდავა მეორე ათეული წელია, რაც თანამოაზრეებთან ერთად ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ მატერიალური კულტურის ძეგლებს იკვლევს. მას აღმოჩენილი აქვს არაერთი ტაძარი, წარწერა, ციხე თუ სხვა ტიპის საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელთა ნაწილის შესახებ ისტორიულ წყაროებში იყო მოხსენიებული, მაგრამ უცნობი იყო მათი ადგილმდებარეობა და მდგომარეობა, ნაწილი კი - სრულიად უცნობი იყო. ამ ხნის მანძილზე მკვლევარს, რა თქმა უნდა, დაუგროვდა მდიდარი გამოცდილება და მასალა, რაც გამოცემულიც აქვს წიგნებად. ბ. კუდავამ აუდიტორიას მოახსენა, რომ სულ ახლახან მისი ხელმძღვანელობით გამოიცა ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების კატალოგი, რომელშიც შესულია 700-ზე მეტი ტაძარი. მისი ვარაუდით, კვლევის შემდგომი გაგრძელების შემთხვევაში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან დღემდე ტაო-კლარჯეთის მთელი ტერიტორიის სრულყოფილი კვლევა ვერ მოხერხდა. თითო სოფელს ათი და, ხშირ შემთხვევაში, მეტი ტაძარიც ჰქონია. შეიძლება ითქვას, - აღნიშნა ბ. კუდავამ, - თითეულ უბანს სოფელში ცალკე ტაძარი ჰქონდა.

გამორჩეული უნდა ყოფილიყო ტაძართა შენების აქაური მეთოდიც. თითქმის ყველა შემორჩენილი გუმბათი პირვანდელი სახითაა. ეს მაშინ, როცა ამ ტერიტორიაზე არსებული ტაძრები X საუკუნეზე გვიანდელი არაა.  

ბუბა კუდავამ ისაუბრა გარემოებათა იმ რიგზე, რაც ტაო-კლარჯეთის გამორჩეულობას განაპირობებს:

ცნობილია, რომ პირველად ტაო-კლარჯეთში აკურთხეს  ტახტზე ბაგრატიონთა სამეფო გვარი. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეს პროვინცია გაერთიანებული საქართველოს სამეფოს მესაძირკვლედ იქცა. ამ ტერიტორიაზე მოღვაწეობდა IX საუკუნის ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და წმინდანი - გრიგოლ ხანძთელი, რომელმაც ააშენა მრავალი ტაძარი. ტაო-კლარჯეთში ყვაოდა სამონასტრო ცხოვრება, გადაიწერებოდა და იმკობოდა სახარებები. მაგალითად - წყაროსთავისა და ბერთას ცნობილი ოთხთავები, რომლებიც კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. აქაა შექმნილი დღეს ადიშის სახარებად ცნობილი ოთხთავი, აქ მოღვაწეობდნენ ბექა და ბეშქენ ოპიზრები...

მომხსენებელმა წარმოადგინა მდიდარი ფოტომასალა, რომლის ფონზეც ორმაგად შთამბეჭდავი იყო მოსმენილი.

ლექციის დასასრულ სტუმარმა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიოთეკას უსახსოვრა თავისი ავტორობითა თუ ხელმძღვანელობით გამოცემული რამდენიმე წიგნი. მასპინძლებმა კი მადლიერებისა და პატივისცემის ნიშნად სტუმარს ღვთისმშობლის ხატი უძღვნეს.
 
29.10.2019

FaceBook გვერდი