“ქრისტიანობის ისტორია ბევრ ქალ მოციქულთასწორს იცნობს,
მაგრამ წმინდა ნინოს, როგორც მთელი ერის განმანათლებელსა
და მომაქცეველს, მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. საქართველოს
განმანათლებლად ქალის გამორჩევა, უდავოდ, საქართველოს
ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას უკავშირდება”, - აღნიშნა ქალბატონმა
მაკამ და, მოხსენების ფარგლებში, წარმოადგინა მეტად საყურადღებო
პარალელები, იგივეობრივი სახე-ხატები მოციქულთასწორი ქალწულისა და
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცხოვრებათა შორის. წმინდა ნინოს ცხოვრებათა
რედაქციების, ქართულ და უცხოურ საეკლესიო ლიტერატურაში დაცული
მასალის ანალიზის საფუძველზე წმინდა ნინო წარმოგვიდგება ღვთისმშობლის
მაგიერ დედად და დედოფლად ქართველი ერისთვის, - აღნიშნა
მომხსენებელმა.
“V ს-ის ბერძენი ისტორიკოსი თეოდორიტე კვირელი ნინოს იხსენიებს
საკვირველ ქალად, „რომელი სამარადისოსა ლოცვისადა შემსჭვალულ იყო...
ამათ შრომათა მიანიჭეს მას მადლი მოციქულობისა“. ღვთისადმი თავის
შეწირვა სიმბოლურად გამოხატულია წმინდა ნინოს მიერ საკუთარი თმის
მოკვეცასა და ამ თმით ღვთისმშობლისგან ბოძებული ვაზის ჯვრის
შეკვრაში”, - აღნიშნა ქალბატონმა მაკამ და წმინდა ნინოს მისიის უკეთ
შეცნობისთვის განიხილა მის ცხოვრებაში დადასტურებული რამდენიმე
საყურადღებო მოვლენა და წინასწარმეტყველური კურთხევა, კერძოდ,
წმინდა ნინოს მშობელთაგან დალოცვა, სარა ნიაფორის წინასწარმეტყველება
და საღვთო გამოცხადებები. ქალბატონმა მაკამ დეტალურად ისაუბრა “წმინდა
ნინოს ცხოვრების” სხვადასხვა რედაქციაში დადასტურებული ეკლოვანისა და
ბივრილის სახე-სიმბოლოთა შინაარსზე, ასევე, განიხილა ლომისა და
არწივის სახე-სიმბოლოთა საღვთისმეტყველო შინაარსი და მათი მიმართების
საკითხი წმინდა ნინოს მოციქულებრივ ღვაწლთან.
მომხსენებელმა ისაუბრა წმინდა ნინოს მოღვაწეობის იმ მნიშვნელოვან
ასპექტებზე, რომლებიც ასახულია მის მრავალფეროვან
იკონოგრაფიაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
მოხსენებამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაისვა
საინტერესო შეკითხვები, რომლებსაც ამომწურავად უპასუხა
ქალბატონმა მაკამ.


