ბატონმა იოსებმა 2015 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო
აკადემია, 2016 წელს კი სწავლა გააგრძელა საბერძნეთში, კაპოდისტრიას
სახელობის ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში, ღვთისმეტყველების
ფაკულტეტზე. 2020 წელს მაღალი აკადემიური მოსწრების გამო იოსებ
არჩვაძეს გადაეცა „წარჩინების პრემია“ («Βραβείο Αριστείας»),
2024 წელს კი მან წარმატებით დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე:
„გრიგოლ ღვთისმეტყველის ნაშრომთა ექვთიმე ათონელისეული თარგმანები“ და
მიენიჭა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი „პატროლოგიასა და
ქრისტიანულ არქეოლოგიაში.“
მომხსენებელმა მრავალი საკითხი განიხილა: გრიგოლ პალამასა და
ვარლაამ კალავრიელის დაპირისპირების დასაწყისი, ვარლაამ კალავრიელის
ტრიადოლოგიური პოზიცია, გრიგოლ პალამას ტრიადოლოგიის ზოგიერთი
ასპექტი, მამის მონარქიის (ერთდასაბამობის) მნიშვნელობა, საღვთო
ბუნებისა და საღვთო ენერგიების გამიჯვნა, სულიწმინდის გამომავლობის
ორგვარობა, სულიწმინდის ჰიპოსტასური თვისების — „გამომავლობის“
მნიშვნელობა „ფილიოქვეს“ სწავლების კონტექსტში.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მოხსენებამ
მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და ლექციის ბოლოს გაიმართა
მსჯელობა. ბატონმა იოსებ არჩვაძემ უპასუხა სტუდენტთა არაერთ
შეკითვას.
