სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ დაასრულა ახალგაზრდული პროექტის –„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – ოთხთვიანი ეტაპი. პროექტში ჩართული იყო ოცდასამი უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი და ახალგაზრდული ცენტრი. პროექტის ინიციატორები თვეების განმავლობაში შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს ორიათასზე მეტ ახალგაზრდას, რომელთაგან სამას ოცმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა პროექტში.
მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრები წარადგინეს. პროექტი მუშაობდა ოთხი თემატური მიმართულებით: თაობათაშორისი ურთიერთობები, ოჯახი, მიგრაცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. იმავდროულად, თითოეულ საკონკურსო ნამუშევარში უნდა შენარჩუნებულიყო მთავარი ხაზი –- მოქალაქის, ოჯახისა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი – რაც გამოიხატებოდა ლოზუნგით: „ვინახავთ ძველს, ვეძიებთ ახალს.“
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია იმთავითვე დიდი მონდომებით ჩაერთო ამ პროექტში.
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა – ლევან ხელაიამ და საბა ჩუგუაშვილმა – კონკურსზე წარადგინეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც შიდა მიგრაციას, დაცლილი სოფლებისა და ქართველი ემიგრანტების პრობლემას ეხებოდა.
ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა გიორგი მჭედლიშვილმა კონკურსზე წარადგინა ესე ქალთა და ბავშვთა უფლებების, ქორწინებისა და განქორწინების, მრავალშვილიანობისა და აბორტის შესახებ.
22 თებერვალს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პროექტის მონაწილეთა დასკვნითი შეხვედრა, რომელზეც ორმოცი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა ოთხ საკონკურსო ნომინაციაში. დაჯილდოვდა 90 სტუდენტი და ის უნივერსიტეტები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ პროექტში.
ლევან ხელაიასა და საბა ჩუგუაშვილის მიერ გადაღებული ფილმი გამარჯვებულთა შორის დასახელდა და ავტორებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. გამარჯვება მოიპოვა გიორგი მჭედლიშვილის ესემაც და გიორგისაც გადაეცა სერტიფიკატი.
მადლობის სიგელი გადაეცა, ასევე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ახალგაზრდულ პროექტში – „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – აქტიური მონაწილეობისათვის.
პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ოჯახის, როგორც სახელმწიფოს ფუნდამენტის, როლის წარმოჩენა და გამყარება და, მეორე მხრივ, დემოგრაფიის თვალსაზრისით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. პროექტი ჯერ ისევ გრძელდება და იგი საბოლოოდ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, დასრულდება. კონკურსში გამარჯვებულებს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ელით; პროექტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდობის სააგენტო მათ ხუთდღიან გასვლით ტურს ჰპირდება.
