27 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში,
ყოველკვირეული საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, გაიმართა
საჯარო ლექცია თემაზე - „თანამედროვე ციფრული ეპოქა და ქართული
ენობრივი მემკვიდრეობა“. მომხსენებელი გახლდათ ლია ქაროსანიძე -
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა
და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების გამგე და სამეცნიერო საბჭოს
წევრი. ციფრული რესურსის – „ქართული ტერმინთბანკის“ –კონცეფციის
ავტორი და რედაქტორი. მისი კვლევის ძირითადი სფეროებია
ბიზანტიურ-ქართული ენობრივი ურთიერთობები, ქართული გრამატიკული
აზროვნების ისტორია და თანამედროვე ტერმინოლოგიური პოლიტიკა. მას
ეკუთვნის ფუნდამენტური მონოგრაფიები და გამოკვლევები
ბიზანტიურ-ქართული ლინგვისტური აზროვნებისა და ქართული ტერმინოლოგიის
ისტორიის შესახებ. გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან (გვაზავა)
და ბიზანტინოლოგ ნელი მახარაძესთან ერთად მუშაობდა ქართულ საეკლესიო
ტერმინთა ისტორიის მასალებზე, კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია
კრებულში – ”მასალები ქართული საეკლესიო ტერმინთა ისტორიისათვის“.
აღნიშნული მოხსენება ეხებოდა თანამედროვე ციფრულ ეპოქაში ქართული
ენობრივი მემკვიდრეობისა და სამეცნიერო თუ საეკლესიო ტერმინოლოგიის
დაცვის, სისტემატიზაციისა და განვითარების საკითხებს. შეხვედრაზე
განხილული იყო „ქართული ტერმინთბანკის“ როლი ენის სტანდარტიზაციაში,
ასევე, სასულიერო-საღვთისმეტყველო ტერმინების ასახვა და დამუშავება
ერთიან ეროვნულ ციფრულ ბაზაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
