სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

17 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის, ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორის, პროფესორ სერგო ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
 
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, ფილოლოგიის, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მამა გიორგი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მიულოცა საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებიდან 48-ე და დაბადებიდან 93-ე წელი და კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით აღნიშნა საქართველოს ეკლესიის მეთაურის უდიდესი ღვაწლი ერისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინაშე.
„ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის, რომ ჩვენი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სიხარულითა და პასუხისმგებლობით არიან ჩართულნი უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის საიუბილეო დღეების აღნიშვნაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოღვაწეობა დიდი ძალისხმევის, მოწამეობისა და ცრემლიანი ღამეების შედეგია. ასეთ მოღვაწეობას ყოველთვის უდიდესი ტკივილი ახლავს, რადგან ეკლესიის აღორძინებას, მის გაჯანსაღებას, სიწმინდით ცხოვრებას ყოველთვის დიდი წინააღმდეგობა და განსაცდელები ხვდება. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ღვთისნიერ და საშვილთაშვილო საქმეს დიდი ცოდნა, განათლება, სიწმინდე და პიროვნული ღირსებები სჭირდება. დღევანდელი კონფერენცია არის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ ნათლად გავიაზროთ, თუ რა რთული გზა გაიარა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ეკლესიის სამსახურში“, - ბრძანა რექტორმა.
 
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1.  ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - პატრიარქის აღსაყდრება;
2. აკადემიის III კურსის სტუდენტი შავლეგო გაბათაშვილი - უწმინდესი და უნეტარესი ილია II და სასულიერო განათლება;
3. აკადემიის III კურსის სტუდენტი, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი - საქართველოს ეკლესიის აღორძინება პატრიარქ ილია II-ის ეპოქაში;
4. თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია - XX-XXI საუკუნეების გამოწვევები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.
ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ გაიხსენა 1970-იანი წლები და იმ პერიოდში საქართველოს ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობა, რაც ათეისტური რეჟიმის ხანგრძლივი მოღვაწეობის შედეგი იყო.  
„1977 წლის 25 დეკემბრამდე საქართველოს ეკლესიის პატრიარქებს მხოლოდ ვიწრო სასულიერო პირთა წრე ირჩევდა. უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრება კი ნამდვილ სახალხი დღესასწაულად იქცა, რადგან ხალხმა, წინააღმდეგობის მიუხედავად, გაარღვია მილიციის კორდონები და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ამ ისტორიულ დღეს დაესწრო. მრევლის ეს საქციელი იმ განსაკუთრებულ მოლოდინს უკავშირდებოდა, რაც საზოგადოებას უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის პიროვნების მიმართ ჰქონდა. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დღეს ვიყავი ისტორიული მოვლენების მოწმე, რომ 48 წელია, თვალს ვადევნებ ჩვენი დიდი პატრიარქის მოღვაწეობას. მრავალჟამიერ სიცოცხლესა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენი ერის მამას ერისა და ეკლესიის საიმედოდ“, - ბრძანა ბატონმა სერგო ვარდოსანიძემ.
 
აკადემიის III კურსის სტუდენტმა შავლეგო გაბათაშვილმა ვრცლად მიმოიხილა უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მოღვაწეობა ჩვენს ქვეყანაში სასულიერო განათლების აღორძინების მიმართულებით.
„საქართველოში სასულიერო განათლება ისტორიულად არა მხოლოდ ეკლესიის შიდაინსტიტუციური საჭიროება, არამედ ეროვნულ კულტურასთან, სულიერ თვითმყოფადობასთან და სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან ორგანულად დაკავშირებული სფერო იყო. საბჭოთა ეპოქის რეპრესიული პოლიტიკის შედეგად ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად ჩამოიშალა ტრადიციული სასულიერო საგანმანათლებლო სისტემა, რამაც დააზიანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. XX საუკუნის 70-იან წლებში გაუქმებული იყო სასულიერო სასწავლებლები და, შესაბამისად, ახალ სასულიერო კადრებს მომზადების ინსტიტუციური სივრცე არ გააჩნდათ; მოქმედი მონასტრები საგანმანათლებლო საქმიანობას ვეღარ ეწეოდნენ, სასულიერო ლიტერატურა კი მკაცრი ცენზურის პირობებში ვეღარ იბეჭდებოდა.
​სწორედ ამ რთულ პერიოდში დაიწყო მოღვაწეობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. იგი პატრიარქად კურთხევისთანავე შეუდგა მეცნიერებასა და განათლებაზე ზრუნვას. კათოლიკოს-პატრიარქის თავდაუზოგავმა შრომამ სასულიერო განათლების მიმართულებით მთელი ეპოქა განსაზღვრა“, - აღნიშნა მომხსენებელმა. 
თავის გამოსვლაში არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა ისაუბრა საქართველოს ეკლესიის მრავალმხრივი აღორძინების შესახებ პატრიარქ ილია II- ის მოღვაწეობის ეპოქაში.
„უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მმართველობის ხანას ეპოქალურს ვუწოდებთ მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის გამო. ამ პერიოდში იწყება ეკლესიის სულიერი და ინსტიტუციური აღორძინება, ეპარქიების რაოდენობა ზრდა, ასეულობით ტაძრისა და მონასტრის აღდგენა და აღმშენებლობა.
განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი — ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარი, რომელსაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ „ქართველი ადამიანის ავტოპორტრეტი“ უწოდა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ავტორიტეტმა და მოღვაწეობამ საქართველოს ეკლესიისთვის ეპოქალური მნიშვნელობის შედეგი მოიტანა. კერძოდ, 1990 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა - დიმიტრიოსმა ოფიციალური დოკუმენტით დაადასტურა საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ღირსება და მისი ავტოკეფალიის კანონიკურობა. ეს მოვლენა კი, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ერის სულიერი აღორძინების საწინდრად იქცა,“- ბრძანა არქინამდრიტმა იოანემ.
 
ირაკლი ორჟონიამ თავის მოხსენებაში მიმოიხილა უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მოღვაწეობა საერთაშორისო თუ კონფესიათაშორისი მიმართულებით.
„უწმინდესი და უნეტარესი ილია II ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა სახელმწიფოების პოლიტიკურ თუ რელიგიურ ლიდერებს. ამ შეხვედრების დროს პატრიარქი საქართველოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და მსოფლიო გლობალური პოლიტიკის პრობლემებს განიხილავდა. უწმინდეს პატრიარქთან დიალოგის დასრულების შემდეგ ყველა ერთხმად აღნიშნავდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის დახვეწილ დიპლომატიურობასა და მოვლენათა აღქმის მასშტაბურობას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კათოლიკოს-პატრიარქს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, ასევე, არამართლმადიდებელი ეკლესიებისა და არაქრისტიანული დენომინაციების სულიერ ლიდერებთან“,- აღნიშნა მომხსენებელმა.
 
კონფერენციის დასასრულს სასწავლებლის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ქვეყნის სულიერი წინამძღოლის უდიდესი დამსახურება და მრავალჟამიერი სიცოცხლე და სულიერი მხნეობა უსურვა მას. მამა გიორგიმ, ასევე, მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორს, ბატონ სერგო ვარდოსანიძეს, კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადიოებას.
 
კონფერენციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები. სხდომის დაწყებისას და დასასრულს გალობდა სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით.
altaltaltalt
alt

17.12.2025

FaceBook გვერდი