სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 92-ე და პატრიარქად აღსაყდრებიდან 47-ე წლისადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება

16 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის დაბადებიდან 92-ე და პატრიარქად აღსაყდრებიდან 47-ე წლისადმი მიძღვნილი სტუდენტური ღონისძიება - სათაურით - პატრიარქობის ჯვარი. ღონისძიებაში მონაწილეობდა თსასის უკლებლივ ყველა ფაკულტეტის სტუდენტი. მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები, კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეებზე, სიტყვებსა და ქადაგებებზე დაყრდნობით,  წარმოაჩენდა ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ეპოქალურ ღვაწლს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე - სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების თვალსაზრისით.
სამეცნიერო ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან განსაკუთრებული მოწიწება და მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, აღნიშნა, რომ  „ურთულეს ეპოქაში მაღალმა ღმერთმა გამოარჩია იგი და მიანიჭა უმძიმესი და უაღრესად საპატიო ჯვარი ეკლესიის საჭეთმპყრობლისა, რომელიც განსაკუთრებული სულიერი მხნეობით იტვირთა და აგერ უკვე 47 წელი ერთგულად და თავდადებით მსახურებს ეკლესიასა და ქართველ ერს... თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ, როგორც პატრიარქის მიერ დაარსებულმა უმაღლესმა საღვთისმეტყველო სკოლამ,  განსაკუთრებული  ღირსებით, მოწიწებითა და მადლიერებით  უნდა აღნიშნოს დაბადებისა და აღსაყდრების დღე იმ პიროვნებისა, რომლის ღვაწლი განუსაზღვრელად დიდია სასწავლებლისა და, ზოგადად, ქვეყნის სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინების თვალსაზრისით“, -აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
სამეცნიერო ღონისძიებაზე მოხსენებებით წარდგნენ და პატრიარქის მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტებზე ისაუბრეს თსასის სტუდენტებმა:
1.ბაჩანა აბურჯანია -  უმძიმესი და საპატიო მოვალეობა  - სასულიერო სემინარიის მე-3  კურსი
2.ლუკა სიმონიშვილი - პატრიარქობის ჯვარი  - სასულიერო სემინარიის მე-4 კურსი
3. ლუკა მღებრიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი,  გიორგი შავდია  -  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი პატრიარქის სიტყვებისა და ქადაგებების მიხედვით - სასულიერო აკადემიის  1-ელი კურსი
4.  დეკანოზი გიორგი კალანდია - ეროვნული კულტურა და რელიგიური ცნობიერება - სასულიერო აკადემიის 1-ელი კურსი
5. ირინე ჩუხტიაშვილი -  ჯვრისმტვირთველი ქართველი ერი -დიდი მეფე  სოლომონ მეორე - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მე - 3 კურსი  
6. მირანდა ჭიაბრიშვილი  -  დიდი მეფე დავით აღმაშენებელი - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მე-2 კურსი
7.გიორგი მჭედლიშვილი - წმინდა ილია მართალი - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, მე - 3  კურსი
8. ფოტინე გუნია - ადამიანის ცხოვრების მიზანი - ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, 1-ელი კურსი
9.გვანცა ჯავაშვილი - თავისუფლების, ჭეშმარიტებისა და სიხარულისთვის - ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, 1-ელი კურსი
10. ანა ყუფუნია - ქალის როლისათვის ოჯახსა და საზოგადოებაში - საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი, მე-3 კურსი
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მოღვაწე სასულიერო პირები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ღონისძიების დასრულების შემდეგ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გულითადი მადლობა გადაუხადა სტუდენტებსა და მათ  ხელმძღვანელებს მაღალკვალიფიციურად მომზადებული მოხსენებებისთვის. აღნიშნა, რომ ჩართულობა, თანამონაწილეობა პატრიარქისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გამოხატულებაა დიდი პატივისცემისა და მადლიერების  საქართველოს პატრიარქისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  მიმართ.

altaltaltaltaltalt
16.12.2024

FaceBook გვერდი