საჯარო ლექცია

ამა წლის 11 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა შეხვედრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან,  რამაზ ხალვაშთან. მოხსენების თემა იყო - „წმინდა ტბელ აბუსერისძის ღვაწლი“.
ბატონმა რამაზმა ისაუბრა მე-13 საუკუნის დიდი ქართველი მწერლის - წმ. ტბელ აბუსერისძის საეკლესიო, საზოგადოებრივ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობის შესახებ. ავტორის შემოქმედებითი მემკვიდრეობა განიხილა მდიდარ ქართულ ლიტერატურულ მემკვიდრეობასთან (ეგზეგეტიკა, ჰაგიოგრაფია, ისტორიოგრაფია, ჰომილეტიკა, ლიტურგიკა, დოგმატიკა, პოლემიკა, პასქალისტიკა) მიმართებით. მომხსენებელმა მიმოიხილა წმ. ტბელ აბუსერისძის ავტორიზებულ ხელნაწერში დაცული ხუთივე ნაწარმოები, კერძოდ: ჰაგიოგრაფიული თხზულება „სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისნი“, ჰიმნოგრაფიული ტრილოგია „გალობანი სამთა  იოვანეთანი“, „გალობანი მწვალებელთა შეჩუენებისანი“, „გალობანი წმიდისა ღმრთისმშობლისანი“, პასქალური ნაშრომი „ქრონიკონი სრული მისითა საუწყებლითა განგებითა“.
ლექციას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.
ლექციის ბოლოს ბატონმა რამაზმა ამომწურავად უპასუხა მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
alt
11.11.2024

FaceBook გვერდი