მარიამ ცაცანაშვილის ლექცია

19 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიას ესტუმრა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მარიამ ცაცანაშვილი. მან წაიკითხა ლექცია თემაზე „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების ისტორიული მნიშვნელობა“. საჯარო ლექციას სასწავლებლის სტუდენტები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მომხსენებელმა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ოთხ მოდელზე ისაუბრა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოშია გავრცელებული, უფრო ვრცლად კი განიხილა ქართული მოდელი - საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც 2002 წელს 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში გაფორმდა. აღინიშნა, რომ ეს არის გამიჯნული წონასწორობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო აღიარებს, რომ ის გამიჯნულია ეკლესიისაგან და თანამშრომლობს მასთან სხვადასხვა საკითხში.
მომხსენებელმა განიხილა შეთანხმების სხვადასხვა საკითხი - კომუნისტური რეჟიმის დროს ეკლესიისათვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ვალდებულება, პატრიარქის ხელშეუხებლობა და სხვა; ისაუბრა სხვა რელიგიურ ორგანიზაციათა სამართლებრივ მდგომარეობაზე, საკონსტიტუციო შეთანხმების შემდგომ განვითარებაზე.
ლექციას კითხვები და დისკუსია მოჰყვა. ბოლოს კი დეკანოზმა ბიძინა გუნიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო შეხვედრისათვის და იგი აკადემიის გამომცემლობის წიგნებით დაასაჩუქრა.
19.10.2023

FaceBook გვერდი