ახალი სასწავლო წლის დასაწყისი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა, ტრადიციულად, 14 სექტემბერს იწყება. ეს მნიშვნელოვანი თარიღი თანხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს - ინდიქტიონს ანუ საეკლესიო ახალ წელს.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ თსას მოძღვრებსა და სიონის ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში გალობდნენ: თბილისის სასულიერო აკადემიის მგალობელთა გუნდი ( ხელმძღვანელი თსას-ის პედაგოგი, ლექსო გრემელაშვილი) და თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი (ხელმძღვანელი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი ლაშა ზაალიშვილი). ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ თსას-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და მორწმუნე საზოგადოება.
სავედრებელი პარაკლისის დასრულების შემდეგ მისმა მაღალღირსებამ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დალოცა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ- მასწავლებლები, სტუდენტები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის იმ განსაკუთრებულ ღვაწლზე, რომელიც მან თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დაარსებისთვის გაიღო. "პატივცემულო მოძღვარნო, პროფესორ-მასწავლებლებო, სტუდენტებო, ნება მომეცით, რომ ყველას გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავრის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა, რომლის დაარსებულიც არის თბილისის სასულიერო აკადემია როგორც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა. ყველაზე მნიშვნელოვანი აკადემიაში მოღვაწეობისთვის არის დიდი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა იმ გეზისა და ლოცვა-კურთხევის, რაც პატრიარქმა დაუსახა მის მიერ დაარსებულ მეცნიერებისა და რწმენის გამაერთიანებელ უმაღლეს საღვთისმეტყველო სკოლას“ - ბრძანა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
14.09.2023

FaceBook გვერდი