პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში  ყოველი  წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლოს, ტრადიციისამებრ,  იმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. წელს ის მიეძღვნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ამაგდარი პედაგოგის, ქართული საენათმეცნიერო სკოლის ღირსეული წარმომადგენლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფ. ლეილა გეგუჩაძის ნათელ ხსოვნას.
ღონისძიება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 23- 24 მაისს, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სექციური მუშაობა  თეოლოგიის, ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, საეკლესიო სამართლის, ახალი ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფია-ფსიქოლოგიის  მიმართულებით.  კონფერენცია  ერთგვარი  შემაჯამებელი ღონისძიებაა მთელი წლის განმავლობაში პროფესორ-მასწავლებელთა მიერ  გაწეული  სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისა.  
კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 30 მაისს. შეკრებილ საზოგადოებას  სიტყვით მიმართა  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა  დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა აკადემიისა და სემინარიის საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო კონფერენციების  განსაკუთრებულ  მნიშვნელობაზე. 
სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:  1. ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია -,, უფალი სუფევს, მშვენიერება შეიმოსა“; 2. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია რაფავა - „არსენი... დოგმატიკონსა აწამებდა“ (რა არის „დოგმატიკონი“?) 3. პროფესორი მერაბ ბუჩუკური - პრობლემური საკითხები გელათის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით; 4. ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე - ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსოს ბრძოლა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ XVI-XVII საუკუნეებში.
წაკითხულმა მოხსენებებმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. გაიმართა საინტერესო დისკუსია. 
 
პროფ. ლეილა გეგუჩაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა იხ. ბმული
 
30.05.2023

FaceBook გვერდი