შეხვედრა გიორგი ლობჟანიძესთან

 
24 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა შეხვედრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ცნობილ აღმოსავლეთმცოდნე -  გიორგი ლობჟანიძესთან.   მოხსენების თემა იყო ,,რელიგიური ფუნდამენტალიზმის საფრთხეები - ქადაგებს თუ არა ყურანი ძალადობას?“.
ინფორმაცია სტუმრის შესახებ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე  გიორგი ლობჟანიძემ სწავლა განაგრძო  თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, 1999 წლიდან, მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი  იყო საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის - ,,კავკასიური სახლის“ - აღმოსავლური განყოფილების გამგე და ,,ისლამური კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ ბატონ გიორგის თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში, გამოქვეყნებული აქვს ორიგინალური ლექსების 6 კრებული და ამასთანავე, იგია არაბული ენიდან ყურანის პირველი ქართველი მთარგმნელი. 
აუდიტორია დიდი ინტერესით მოელოდა სტუმართან შეხვედრას. შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ  ვრცლად ისაუბრა ყურანის  თარგმანთან დაკავშირებულ სირთულეებზე, აღნიშნა, რომ  თარგმანზე მუშაობა  1994 წელს დაიწყო და მხოლოდ 12 წლის შემდეგ დაასრულა, თარგმანს თან დაურთო  ვრცელი, ასგვერდიანი  შესავალი და განმარტებების სრული კორპუსი, თარგმანი მიუძღვნა  ილია ჭავჭავაძის ხსოვნას.
ცნობილია, რომ აღნიშნული  თარგმანისთვის  გიორგი ლობჟანიძემ ორი მნიშვნელოვანი პრემია დაიმსახურა: საქართველოში  - ლიტერატურული პრემია „საბა“ და ირანში -  სახელმწიფო პრემია „წლის წიგნი“ - ყურანისტიკაში უცხოეთში გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომისათვის. 
ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა ქართულ-სპარსული პოლიტიკურ-კულტურული  ურთიერთობის ისტორიაზე. აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე გამორჩეული მნიშვნელობისა იყო 2001 წელი,  როცა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის - მოჰამედ ჰათამის - მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით, იმყოფებოდა ირანში, სადაც ის შეხვდა პრეზიდენტსა  და ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერ ლიდერს ალი ჰამენეის.   მაშინ სრულიად ახალგაზრდა, 24 წლის თარჯიმან ბიჭს პირველად მომეცა შესაძლებლობა პატრიარქთან ყოფნის,  მასთან ურთიერთობის, - აღნიშნა ბატონმა გიორგიმ და დასძინა,  რომ დღემდე ცოცხლად, საოცარი ძალმოსილებით შემორჩა მოგონებები პატრიარქთან ურთიერთობის იმ ბედნიერი დღეებისა. ბატონმა გიორგიმ ვრცლად ისაუბრა ყურანის მსოფლმხედველობრივ-სარწმუნოებრივ შინაარსზე. განმარტა ზოგიერთი ტერმინი და ლექსიკური ერთეული. აუდიტორიისათვის საინტერესო შეკითხვას - ქადაგებს თუ არა ისლამი და მისი საღვთო წიგნი - ყურანი  - ძალადობას? - მომხსენებელმა ასეთი პასუხი გასცა: საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული, არსებული რელიგიური სისტემები, მათ შორის ისლამიც,  შეუძლებელია, ქადაგებდეს ძალადობას, იგი ეფუძნება  სიყვარულს, სათნოებასა და მშვიდობას კაცთა შორის. მტრობისა და სიძულვილის მქადაგებელი რელიგია დროებითია და წარმავალი. ისლამი არ არის ძალადობაზე დაფუძნებული რელიგია,  მართალია, ტერორიზმი, ძალადობა ხშირად ხდებოდა და ახლაც ხდება ამ რელიგიის სახელით, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციასთან.  ნებისმიერი რელიგია,  არა მხოლოდ ისლამი, შესაძლოა, რომ პოლიტიკურად ინტერპრეტირდეს და გარკვეული ჯგუფის ხელში იქცეს კიდეც პოლიტიკურ იარაღად, გადაიქცეს იმ მონსტრად, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიურ ჭეშმარიტებასთან. რელიგიის არსი შეუთავსებელია ფუნდამენტალიზმთან, ტერორიზმთან, ძალმომრეობასთან - დასძინა საუბრის ბოლოს ბატონმა გიორგიმ. 
მოხსენებაში განხილულმა საკითხებმა  აუდიტორიის დიდი დაინტერესება გამოიწვია, დაისვა ბევრი საყურადღებო შეკითხვა, გამოითქვა საგულისხმო მოსაზრებებიც. გაიმართა  დისკუსია. მართლაც ნაყოფიერი და  საინტერესო შეხვედრა იყო.  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის კათედრის გამგემ - არქიდიაკონმა დემეტრემ(დავითაშვილი) - მადლობა გადაუხადა სტუმარს საინტერესო ლექციისათვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  
 
 
 
25.02.2023

FaceBook გვერდი