სამუშაო სემინარი

 
7 დეკემბერს ქრისტიანული ფსიქოლოგიის პირველი კურსის სტუდენტმა, ლიკა ჟვანიამ, ბიბლეისტიკის კათედრის მორიგ სამუშაო სემინარზე წარმოადგინა თემა: „იუდა ისკარიოტელის პიროვნება და მისი დაცემის მიზეზები“ (ხელმძღვანელი: რეზო მუჯირიშვილი).
მომხსენებელმა ეკლესიის მამათა - წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირის,  ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის, მთავარეპისკოპოს ინოკენტი ხერსონელის, მთავარეპისკოპოს ფილარეტისა და სხვათა - ნაშრომებზე დაყრდნობით განიხილა საკმაოდ პრობლემატური და საინტერესო საკითხი, რომელიც იუდას, როგორც ერთ-ერთი მოციქულის, მდგომარეობას ეხება.
მომხსენებელმა მიმოიხილა იუდას პიროვნება, მისი განვითარებისა და რეგრესის ეტაპები. პრობლემა წარმოადგინა თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალთახედვითაც და ამ მეცნიერული ხედვის ეკლესიის მამათა მოსაზრებებთან შედარებისას ლოგიკურ და მარტივ დასკვნამდე მივიდა – ეკლესიის მამათა მსჯელობაში ფაქტობრივად არ არსებობს ამოუხსნელი მოვლენა, განსაკუთრებით ისეთი საკითხი, რომელიც უმაღლესი სამოციქულო პატივით შემოსილ პიროვნებას - იუდას - ეხება.
თემის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მომხსენებელმა მადლიერებით მიიღო მსმენელთა შეკითხვები და უმეტეს მათგანს დამაჯერებელი პასუხი გასცა.
 
08.12.2022

FaceBook გვერდი