სტუდენტური დღეები - 2022

2022  წლის  19-20  მაისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატის ინიციატივითა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მხარდაჭერით  სტუდენტური კვირეული გაიმართა. იგი ტრადიციად დამკვიდრდება ჩვენს სასწავლებელში და ვფიქრობთ, სტუდენტებისა და პედაგოგების ერთობლივი მუშაობის, სტუდენტთა თვითრეალიზების, სამეცნიერო-შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება-გამოვლენის, მათი სულიერ-ინტელექტუალური სრულყოფის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება გახდება.
წლევანდელი ღონისძიება საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სივრცეში გაიმართა. სტუდენტებმა გამოფინეს თავიანთი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ღონისძიებამ სადღესასწაულო, ამაღლებული განწყობა შემატა ჩვენი სასწავლებლის სტუდენტურ ცხოვრებას. ანჩისხატის ეზო, სადაც სტუდენტური კვირეულის გახსნის ცერემონიალი ჩატარდა, გახდა კიდეც სტუდენტთა ერთობის, თანამშრომლობის, აზრთა გაზიარების ადგილი. 
სტუდენტური კვირეულის ფარგლებში განხორციელდა განსხვავებული აქტივობები. საგამოფენო სივრცე 4 სექტორად იყო გაყოფილი. საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები და მათი ხელმძღვანელები მრავალფეროვანი ექსპონატებით გაფორმებულ საგამოფენო სივრცეში მასპინძლობდნენ დამთვალიერებლებს. საეკლესიო არქიტექტურის საგამოფენო სივრცეს ხელმძღვანელობდა არქიტექტურის მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტი დავით კელაპტრიშვილი, ხატწერის მიმართულებისას - მე-4 კურსის სტუდენტი ხატია ტყებუჩავა და 1-ელი კურსის სტუდენტი  საბა წოწორია , რესტავრაციის მიმართულების ნამუშევრებს წარმოადგენდა მე-4 კურსის სტუდენტი თამარ რატიანი.
ღონისძიების მეორე ნაწილი  და მეორე დღე მთლიანად  დაეთმო სტუდენტთა მოხსენებებსა და პრეზენტაციებს. თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა ინდივიდუალურად და ჯგუფურად მომზადებული საკითხები წარმოადგინეს. მოხსენებები თემატური და შინაარსობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და ხელოვნებათმცოდნეობის, საქართველოს ისტორიისა და ბიბლეისტიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდა.
„სტუდენტური დღეები-2022“ მნიშვნელოვანი, საინტერესო  და შთაბეჭდილებებით აღსავსე  მოვლენა იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
 
20.05.2022

FaceBook გვერდი