ახალი სასწავლო წლის დასაწყისი

 
14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასწავლო წლის დაწყების თარიღადაც ეს დღეა დადგენილი. სასწავლო წელი კი მრავალწლიანი ტრადიციით სიონის საკათედრო ტაძარში გადახდილი პარაკლისით იწყება, რომელსაც ყოველთვის ჩვენი ეკლესიის მაღალიერარქები სამღვდელოების თანამსახურებით აღავლენდნენ ხოლმე. პარაკლისს ესწრებიან აკადემია-სემინარიის თანამშრომლები, სტუდენტები და მორწმუნე საზოგადოება. ათწლეულების განმავლობაში 14 სექტემბერი ზეიმი იყო ჩვენი სასწავლებლის პედაგოგებისა და მრავალრიცხოვანი სტუდენტებისათვის. სიონის საპატრიარქო ტაძარი ვერ იტევდა მლოცველებს. წლევანდელი სასწავლო წლის დაწყება, სამწუხაროდ, კვლავ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გვიწევს და ამ ვითარებამ განაპირობა, რომ დღევანდელი ზეიმი შედარებით მოკრძალებული იყო. პარაკლისი აღავლინა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. გალობდა ჩვენი სასწავლებლის მგალობელთა გუნდი ლექსო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით. რექტორმა მიულოცა სასწავლებლის თანამშრომლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, გადასცა მათ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II - ის ლოცვა-კურთხევა და უსურვა წინსვლა რწმენისა და ცოდნის გაღრმავების გზაზე.

2021-22 სასწავლო წელს თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ხვდება. გარემონტდა დერეფნები, აუდიტორიები, კაბინეტები. შეძენილია ახალი, თითო სტუდენტზე გათვლილი ინვენტარი, რაც, ვფიქრობთ, მშვიდად მუშაობის საფუძველი იქნება.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს სასწავლებლის თანამშრომლებსა და სტუდენტებს, გამორჩეულად კი - პირველკურსელებს, რომლებიც ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიან! უსურვებს მათ სულიერებასა და გონიერებას, რათა დღევანდელ, კიდევ უფრო გართულებულ გარემოში პირნათლად ემსახურონ დედაეკლესიასა და სამშობლოს! 
 
14.09.2021

FaceBook გვერდი