თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სრული ავტორიზაცია მიენიჭა

2021 წლის 28 ივნისს გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა ა(ა)იპ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ავტორიზაციის საკითხი. 

საბჭოს თავმჯდომარეობდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ორჯონიკიძე. სხდომა გახსნა  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ, მიუხედავად მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო  სასწავლებლებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საგანგებო წესისა,  თბილისის სასულიერო აკადემიამ  და სემინარიამ, მოქმედი კანონმდებლობის რეჟიმში, საქართველოს სხვა უმაღლეს  სასწავლებლებთან  თანაბარ  პირობებში  სრულად ითანამშრომლა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან და მადლობა გადაუხადა ჩვენს საასწავლებელს  ნაყოფიერი და პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულებისათვის.

ექსპერტთა ჯგუფის (ი. მოსაშვილი, ნ.ქიმერიძე, ი.ებრალიძე) ურთიერთშეთანხმებული შეფასებით, მათზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება მოახდინა  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიერ წარმოდგენილმა ყოველმხრივ მოწესრიგებულმა, სრულყოფილად გამართულმა დოკუმენტაციამ: თვითშეფასებისა და ინდიკატორების  პაკეტმა.  

თსას-ის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ლოცვა-კურთხევით სხდომაზე სასწავლებელს წარმოადგენდა პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიორგი ნატროშვილი და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე დურმიშხან ლაშხი.

საკითხის განხილვის შემდგომ ავტორიზაციის საბჭომ  ხმათა უმრავლესობით  სრული ავტორიზაცია მიანიჭა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, რომელიც უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლაა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის განსაკუთრებული მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშაა.    

აღნიშნული წარმატება სასწავლებლის ყველა თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია.            
      
   
 
28.06.2021

FaceBook გვერდი