თბილისის სასულიერო აკადემიის მაგისტრის წარმატება პარიზში

 
ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია ბატონმა გრიგოლ კუბლაშვილმა. სადოქტორო ნაშრომი ლეონტი ბიზანტიელის ვინაობასა და სწავლებას შეეხებოდა. გრიგოლ კუბლაშვილმა მაგისტრატურის კურსი გაიარა თბილისის სასულიერო აკადემიასა და  სემინარიაში (2012-2015 წწ), ხოლო 2016-20  წლებში სწავლობდა პარიზის წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტის დოქტორანტურაში.

სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტის (Institut de Théologie Orthodoxe Saint-Serge) საპატიო პროფესორი (Emeritus), ბატონი იოოსტ ვან როსუმი (Joost van Rossum), სადისერტაციო კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტის (Institut de Théologie Orthodoxe Saint-Serge) დეკანი, პროფესორი, დეკანოზი ნიკოლა ჩერნოკრაკი (Nikola Cernokrak), ოფიციალური ოპონენტები იყვნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; სორბონის უმაღლესი სკოლის (Ecole Pratique des Hautes Etudes) რელიგიური მეცნიერებების განყოფილების (Section des Sciences religieuses) დეკანი, პროფესორი ვასა კონტუმა (Vassa Kontouma) და წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი იულია ნაეტ-ვიდოვიჩი (Julija Naett-Vidovic).

დისერტაცია ფრანგული სტანდარტით უმაღლესად შეფასდა - Mention très honorable avec félicitations du jury და დოქტორანტს ურჩიეს ნაშრომის გამოცემაც.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ულოცავს ბატონ გრიგოლ კუბლაშვილს დისერტაციის წარმატებით დაცვას.
 
23.10.2020

FaceBook გვერდი