29 ივნისს გაიმართა სასულიერო სემინარიის ფაკულტეტის სტუდენტთა სადიპლომო ნაშრომების დაცვა.

 
საბაკალავრო ნაშრომებს აფასებდა კომისია შემდეგი შემადგენლობით: არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია, ბიბლეისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, სასულიერო სემინარიის დეკანი, თეოლოგიის დოქტორი, მღვდელი გიორგი ვაშალომიძე, ეკლესიის ისტორიის, პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის ხელმძღვანელი, თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი გიორგი ჯანჯღავა, ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ისტორიის დოქტორი დურმიშხან ლაშხი.
 
​შემფასებელი კომისიის წინაშე წარდგნენ:
 
1. მიხეილ ნურაშვილი — „ბიბლიურ საკუთარ სახელებში დაცული სიმბოლიკის საეკლესიო ეგზეგეტიკა.“
ხელმძღვანელი: თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია.
 
რეცენზენტი: თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი სვიმეონ დათუკიშვილი. 
 
2. დავით ღირსიაშვილი — „განღმრთობა — ღმერთისა და ადამიანის თანაზიარება საეკლესიო სწავლების მიხედვით.“
ხელმძღვანელი: თეოლოგიის მაგისტრი, მღვდელი საბა გელაშვილი.
 
რეცენზენტი: მღვდელი ლევან ჭანკვეტაძე.
 
3. ბაჩანა აბურჯანია — „საეკლესიო ქონების მართვა და ეკლესიის აღმშენებლობა.“
ხელმძღვანელი: თეოლოგიის მაგისტრი გიგა ძამუკაშვილი.
 
რეცენზენტი: კანონიკური სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, თეოლოგიის მაგისტრი, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
 
მიხეილ ნურაშვილის სადიპლომო ნაშრომში, ეკლესიის მამათა შრომებზე დაყრდნობით, განხილულია ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსის მქონე რამდენიმე ბიბლიური საკუთარი სახელი, რომლებიც სიმბოლური სახით აცხადებენ მათში დაფარულ წინასწარმეტყველებებსა თუ მოვლენებს. შესაბამის კონტექსტში დიპლომანტმა წარმოადგინა ძველი აღთქმის ეპოქის მოღვაწეთა სახელები და ბიბლიური ტოპონიმები.
 
დავით ღირსიაშვილის საბაკალავრო ნაშრომში განხილულია ღმერთისა და ადამიანის თანაზიარება საეკლესიო სწავლების მიხედვით, კერძოდ, ადამიანის შექმნის მიზანი, ადამის თავდაპირველი მდგომარეობა, ცოდვით დაცემის შემდეგ დაზიანებული ხატების აღდგენისა და მსგავსების სრულყოფის აუცილებლობა.
          ნაშრომში საუბარია მაცხოვრის განკაცების გარდაუვალობაზე, რადგან დაცემული კაცობრიობის განახლება მხოლოდ ღმრთის ძის ხორცშესხმით გახდა შესაძლებელი.
ბაჩანა აბურჯანიას ნაშრომი ეძღვნება ეკლესიის ქონების მართვისა და განკარგვის სამართლებრივ საფუძვლებს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის მიხედვით.
დიპლომანტის მიზანი იყო საეკლესიო ქონების სამართლებრივი სტატუსის, მისი გამოყენების პრინციპებისა და ქონების განკარგვაზე პასუხისმგებელი პირების უფლებამოსილების საკითხის განხილვა მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებისა და საეკლესიო სამართლის სხვა წყაროების საფუძველზე. ნაშრომში გაანალიზებულია ეკლესიის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული კანონიკური ნორმები, ასევე, ეპისკოპოსის, იკონომოსისა და სხვა საეკლესიო პირთა უფლებამოსილებანი.
ნაშრომების შემფასებელმა კომისიამ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი სადიპლომო ნამუშევრები და მიხეილ ნურაშვილს, დავით ღირსიაშვილსა და ბაჩანა აბურჯანიას მიენიჭათ თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
 
სადიპლომო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ პრორექტორი სამეცნიერო დარგში, თეოლოგიის დოქტორი რატი სტურუა, პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
alt alt
alt alt
alt alt
29.06.2026

FaceBook გვერდი