ბატონ გრივერ ფარულავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

გუშინ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ზეიმით აღინიშნა ღირსეული პიროვნების, შესანიშნავი მეცნიერის, ბატონ გრივერ ფარულავას 80 წლის იუბილე. ღონისძიების ინიციატივა დამოუკიდებელ პედაგოგთა პროფკავშირმა «რუსთაველის კლუბმა» ითავა. სააქტო დარბაზში მოეწყო გამოფენაც, წარმოდგენილი იყო ბატონი გრივერის ნაშრომები — მონოგრაფიები, წერილები. ხოლო ეკრანზე ჩნდებოდა მისი ცხოვრების ამსახველი ფოტოები.
დიდძალი ხალხი შეიკრიბა იუბილარის საპატივცემულოდ — მეგობრები, კოლეგები, ყოფილი მოწაფეები ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, სადაც კი ბატონ გრივერს უმოღვაწია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყოფილი სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო აკადემია. მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ქ-ნმა ლაურა გრიგოლაშვილმა, მეუფე დანიელმა, ბ-ნმა ემზარ კვიტაიშვილმა, ქ-ნმა დოდო ღლონტმა, ქ-ნმა გვანცა კოპლატაძემ, ბ-ნმა ავთანდილ არაბულმა და სხვებმა. ბატონ გრივერს დაბადების დღე, ასევე, მიულოცა სასულიერო აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მანვე წაიკითხა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის მილოცვაც. თბილისის სასულიერო აკადემიის სახელით ბატონ გრივერს საჩუქრად გადაეცა ღვთისმშობლის ხატი.
ბატონმა გრივერმა მადლობა გადაუხადა ყველას დაფასებისათვის, გაიხსენა პედაგოგები,რომელთაც კვალი დააჩნიეს მის შემოქმედებით განვითარებას: კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, აკაკი გაწერელია და გრიგოლ კიკნაძე. ხოლო გადამწყვეტი ფენომენი,რამაც ჭეშმარიტება და სამყაროს წესრიგი აღმოაჩენინა მას, ეს იყო მისი კუთხის ბუნების სილამაზე.
ბატონი გრივერის ღვაწლი გამორჩეულია, მან სრულიად ახლებურად გააშუქა ძველი ქართული სასულიერო მწერლობა. ეს იყო შინაგანი რწმენის, ჭეშმარიტების შუქი. ამ ჭეშმარიტებასთან ზიარებით ბატონმა გრივერმა მთელი თაობების ქრისტიანულად აღზრდის მისია იტვირთა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა მოციქულებრივი ღვაწლი — აკი ბატონი გრივერის მოწაფეთა მოწაფეობაც სიქადულის საგნად არის ქცეული.
21.06.2016

FaceBook გვერდი