”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” ტომების პრეზენტაცია

 
თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსება ისევე, როგორც ქვეყნის უახლეს ისტორიაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, უკავშირდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელს.
თბილისი სასულიერო აკადემია და სემინარია დღეს საქართველოში უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებელია, რომელშიც სწავლების სტრატეგია ემყარება რწმენისა და ცოდნის ერთიანობას. აქ ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული საღვთისმეტყველო განათლება და სამეცნიერო კვლევა-ძიება. ეს არის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს აკადემიის საგანმანათლებლო სისტემას.
21 დეკემბერს  თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებათა დასკვნითი ნაწილი, რომელზეც წარმოდგენილი იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” გაერთიანებული VIII-IX ტომი.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები წმინდა სინოდის წევრები: მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი  ყოვლადუსამღვდელოესი გიორგი, წალკის  ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი, ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსი ყოვლადუსამღვდელოესი დოსითეოსი, საქართველოს ეკლესიის  მღვდელმსახურნი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი გიორგი ვაშაკიძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ბატონი ლაშა მარგიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი კახაბერ კორძაია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ბატონი ზურაბ ვადაჭკორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი დამანა მელიქიშვილი, პროფესორი, ქალბატონი ანა ხარანაული,  ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მანანა გაბაშვილი, ფილოლგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი მაია კვეზერელი-კოპაძე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორ- მასწავლებლები და სტუდენტები.
სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. სხდომას უძღვებოდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქალბატონი მაია რაფავა. მან თავის სიტყვაში გაანალიზა აკადემიის „საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა“ კრებულში გამოქვეყნებული პუბლიკაციები თეოლოგიური და სამეცნიერო თვალსაზრისით.
ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ბატონმა ედიშერ ჭელიძემ, რომელიც „საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა“ კრებულის მთავარი რედაქტორია და VIII-IX ტომის ერთ-ერთი პუბლიკაციის ავტორიც, ვრცლად ისაუბრა ამ სამეცნიერო შრომათა კრებულების  ფართო სამეცნიერო ღირებულებაზე, მან აღნიშნა, რომ ეს ,,შრომები“ გამოხატულებაა სასულიერო აკადემიაში არსებული აკადემიური  სამეცნიერო კვლევითი დონისა, რომელშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სასწავლებლის რექტორს. მისი ძალისხმევით, სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ჩართულობით გახდა შესაძლებელი „საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა კრებულის“ სერიის  გამოცემა. პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამეცნიერო პუბლიკაციად შეაფასა აკადემიის რექტორის ნაშრომი წმინდა გრიგოლ ნოსელის ჰომილიის ,,ქალწულებისათვის და საღმრთოისა მოქალაქობისა“ თეოლოგიური ანალიზი და ტექსტოლოგიური კვლევა.
საწავლებელში მომზადებულ სამეცნიერო წიგნებსა და აკადემიის საგამომცემლო სამსახურის მიზნებზე ისაუბრა გამომცემლობის ხელმძღვანელმა, პროფესორმა, ქალბატონმა ნინო მელიქიშვილმა.
საქართველოს საპატრიაქროს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ბატონმა სერგო ვადოსანიძემ აღნიშნა, რომ თეოლოგიური სამეცნიერო კვლევებისთვის აუცილებელია ეკლესიური აზროვნება და სასიხარულოა და მისალოცი, როცა რწმენისა და მეცნიერული კვლევის ჰარმონიული შერწყმით იწერება თეოლოგიური ხასიათის ნაშრომები და გამოცემული ,,საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომა“ ამ ჰარმონიის წარმატებული განხორცილებაა.
საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბატონმა ელგუჯა ხინთიბიძემ მაღალი შეფასება მისცა სასულიერო აკადემიის  შრომათა კრებულებს და განსაკუთრებულად აღნიშნა აკადემიის რექტორის, არა მხოლოდ - როგორც სასწავლებლის შესანიშნავი ხელმძღვანელის, არამედ როგორც  გამორჩეული   თეოლოგიური და ტექსტოლოგიური სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორის დამსახურება.
სხდომა დაასრულა და დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან აღნიშნა, რომ აკადემიის  წარმატება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში,  უპირველეს ყოვლისა, უფლის შეწევნით  არის შესაძლებელი. თუკი თბილისის სასულიერო აკადემიამ დაიმკვიდრა ადგილი როგორც უპირველესმა საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრმა, ეს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის უდიდესი ავტორიტეტითა  და  თანადგომით მოხდა.
რექტორმა შეაჯამა სასულიერო აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო და საგამომცემლო მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აქტურად მონაწილეობდა ”საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომათა” კრებულების მომზადებასა და გამოცემაში, წარმატება უსურვა სასულიერო აკადემიაში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებელებს.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლიერება გამოხატა დამსწრე საზოგადოების მიმართ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონი გიორგი ტყემალაძის, თავმჯდომარის მოადგილის, ბატონი დავით უჯმაჯურიძის, კულტურისა და სამეცნიერო სფეროს იმ გამოჩენილ წარმომადგენელთა მიმართ, ვინც სასულიერო აკადემიის საიუბილეო დღეების  შემაჯამებელ ღონისძიებას  დაესწრო და ვისგანაც მუდმივად იგრძნობა თანადგომა, მხარდაჭერა; მადლიერება გამოხატა მაღალი შეფასებისათვის სასწავლებლისა, რომლის დონე და წარმატება ქვეყნისა და ეკლესიის ღირსეულ მომავალ განსაზღვრავს.
 
21.12.2018

FaceBook გვერდი