უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო

 
26 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრისა და დეკანატის თანადგომით ჩატარდა  ლიტერატურული საღამო, რომელიც უილიამ შექსპირის შემოქმედებას მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები. საღამოს ორგანიზატორი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ნუცუბიძე. ქალბატონმა თამარმა ისაუბრა უილიამ შექსპირის შემოქმედებისადმი სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესის შესახებ. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა წაიკითხეს ნაწყვეტები შექსპირის ტრაგედიებიდან, ასევე - სონეტები ქართულ და ინგლისურ ენებზე. აუდიტორიამ იხილა ვიდეოჩანაწერები სპექტაკლებიდან ,,მეფე ლირი” და “ოტელო” (ვახტანგ ჭაბუკიანის შესრულებით); მოისმინეს უშანგი ჩხეიძის ცნობილი მონოლოგი ,,ჰამლეტიდან”. 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სასწავლებლის პედაგოგი, დეკანოზი ვლადიმერ ვახტანგაძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა შექსპირის პიესების მიხედვით დადგმულ ქართულ სპექტაკლებზე. ასევე, მან დამსწრე საზოგადოებას შექსპირის პიესებიდან ამონარიდები წაუკითხა. ღონისძიების ბოლოს აუდიტორიას დასკვნითი სიტყვით მიმართა სასწავლებლის მოძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში საღვთისმეტყველო საგნების შესწავლასთან ერთად მნიშვნელოვანია მსოფლიო ლიტერატურის შედევრების გაცნობა, რაც სტუდენტის ზოგად განათლებას ამდიდრებს და ლიტერატურულ გემოვნებას ხვეწს. დამსწრე საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა სტუდენტთა მიერ ჩატარებულ ღონისძიებას.
 
26.11.2018

FaceBook გვერდი