კათოლოკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის დაბადებიდან 150 წლის იუბილე

 
წელს, 25 აპრილს სრულდება მე-20 საუკუნის დიდი ქართველი მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის დაბადებიდან 150 წელი. 19 აპრილს კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და ლიტერატურის მუზეუმთან ერთად საზეიმოდ აღნიშნა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. ღონისძიება, სახელწოდებით „კათოლიოს-პატრიარქი კალისტრატე – 150,“ ჩატარდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში – სულ რამოდენიმე თვეა, რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა ყოფილი ეროვნული ბანკის ისტორიული შენობა. იუბილეს სტუმრები იყვნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე იოანე (გამრეკელი), ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სხვა სასულიერო და საერო პირები, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები.
 
იუბილე გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზაზა აბაშიძემ. მან სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ პირველი სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში ტარდება, ეძღვნება ისეთ დიდ მოღვაწეს, როგორიც იყო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კალისტრატე ცინცაძე, თითქოს დიდი პატრიარქის მადლიანმა სულმა აკურთხა ხელნაწერთა ინსტიტუტის ახალმოსახლეობა.
 
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და თბილისის სასულიერო აკადემიამ მოამზადეს ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმი, რომელიც განსაზღვრავს ამ ორი დაწესებულების თანამშრომლობას. მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმების თარიღი საგანგებოდ დაამთხვიეს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის 150 წლის იუბილეს. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია იქცა იმ სამეცნიერო ცენტრად, სადაც ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ძველი ქართული სასულიერო მწერლობის, ასევე – საეკლესიო ისტორიის კვლევა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ხელნაწერებთან. ამ მემორანდუმის უმთავრესი მომენტი არის სწორედ ხელნაწერთა მიწოდება მეცნიერული კვლევისა და ერთობლივი გამოცემისათვის. ეს ფაქტი არა მარტო მეცნიერული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, არამედ – სასწავლო პროცესისთვისაც. მემორანდუმზე ხელი უნდა მოეწერა მის მაღალღირსებას, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, სასულიერო აკადემიის რექტორს. მაგრამ ვინაიდან ის მეტად მნიშვნელოვან საქმეზე წაბრძანდა კონსტანტინოპოლში, მსოფლიო საპატრიარქოში, დოკუმენტს ხელი მოაწერა აკადემიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ. ისიც სიმბოლურია, რომ მამა ბესარიონი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს შთამომავალი გახლავთ.
 
მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ მამა ბესარიონმა წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა:
„მოგესალმებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს. ნება მომეცით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორისა და სამეცნიერო საბჭოს სახელით გამოვხატო განსაკუთრებული სიხარული იმ მეტად მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშიერებით, რაც გულისხმობს მემორანდუმის გაფორმებას ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და სასულიერო აკადემიასა და სემინარიას შორის. ამგვარი თანამშრომლობის დაწყება იგიგმებოდა წლების წინ, რისი დიდი სურვლიც ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. თუმცა დღემდე აღნიშნულმა ჩანაფიქრმა ხორცი ვერ შეისხა და შესაძლოა კვლავაც განუხორციელებელი დარჩენილიყო, რომ არა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ამჟამინდელი დირექტორის, ბატონ ზაზა აბაშიძის უშუალო ძალისხმევა და მონდომება.
 
დარწმუნებული ვართ, რომ ხსენებული მემორანდუმი დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს შორის სამოღვაწეო კავშირ-ურთიერთობის გაძლიერებას, სამეცნიერო პროექტებში ჩართულობას და ქართველი ერის უდიდესი სულიერი საუნჯის – ძველი ქართული ხელნაწერების ორმხრივი (ფილოლოგიური და თეოლოგიური) კვლევისათვის მყარი საერთო ფუნდამენტის შექმნას.
 
ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს დღევანდელი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის დაბადებიდან 150 წლისთავს. ამ დიდი მოღვაწის ნაშრომები სასულიერო და საერო განათლების კეთილი გამთლიანების მაგალითია. ამგვარ გამთლიანებას ისახავს მიზნად ჩვენი დღევანდელი შეკრებაც.
გმადლობთ თანამშრომლობისათვის.“ 
 
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი.
მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ ბრძანა: ერის ბედნიერებაა, როდესაც მას ჰყავს ისეთი შვილები, როგორიც საქართველოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე იყო, და ბედნიერებაა ისიც, რომ ერი არ ივიწყებს მას. მადლობა გადაუხადა ხელნაწეთა ეროვნულ ცენტრს დიდი წინაპრის საპატივცემულოდ გამართული შთამბეჭდავი ღონისძიებისათვის.
 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა ისაუბრა კალისტრატე ცინცაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნა, რომ იგი უმძიმსი ოცი წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. მრავალი რამ, რაც კალისტრატე ცინცაძემ შემოიღო, შემდგომში მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ ააღორძინა. უპირველესად ეს უნდა ითქვას ეკლესიის მჭიდრო კავშირზე მეცნიერებთან. გამომსვლელმა ყველას კიდევ ერთხლ მიულოცა ეს მშვენიერი დღე.
 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ ბრძანა, რომ ხელნაწერთა ცენტრი სხვა სასწავლო დაწესებულებებთანაც აპირებს მსგავსი მემორანდუმების გაფორმებას, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, უპირველესად ესენია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და გრიგოლ ფერაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი.
შემდეგ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ბერიშვილმა. გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ფერაძემ ისაუბრა კალსტრატე ცინცაძის ზრუნვაზე ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებზე, და კერძოდ, მის ამაგზე გრიგოლ ფერაძის მიმართ.
პროფესორმა ზაზა აბაშიძემ მის უწმინდესობას, ილია მეორეს მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის და საჩუქად გადასცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ელენე მაჭავარიანის მიერ ძველი ქართული საზედაო ასოებით ამოქარგული, როგორც ბატონმა ზაზამ ბრძანა, უწმინდესის საყვარელი სიტყვა -„საქართველო.“
მისმა უწმინდესობამ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბრძანა: „მოგესალმებით! ჩვენ დღეს აღვნიშნავთ კალისტრატე ცინცაძის დაბადებიდან 150 წელს. მან დიდი ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს ისტორიაში. მინდა გითხრათ, რომ ჩემს მშობლებსა და კალისტრატე ცინცაძეს ახლო ურთირთობა ჰქონდათ, ის ყაზბეგში ხშირად ჩამოდიოდა ჩვენს ოჯახში. მე მქონდა ბედნიერება, რომ მისგან ამეღო ლოცვა-კურთხევა, როდესაც ათი-თორმეტი წლისა ვიყავი. ეს იყო მცხეთაში, ჩემს ნათლია დედა ზოილესთან სტუმრობისას. მე ვთქვი, რომ არ ვიცოდი, როგორ ამეღო ლოცვა-კურთხევა, დედა ზოილემ მითხრა, მე რასაც გავაკეთებ, შენც ის გააკეთეო. თუ პატრიარქი რამეს გეტყვის, არ უთხრა: „კი, ბატონოო,“ უპასუხე:“დიახ, ბატონოო.“ მაშინ პატრიარქმა მითხრა, მე ვლოცულობ თქვენი ოჯახისთვისო.
ღვაწლი პატრიარქობისა უმძიმესი ჯვარია, მაგრამ იგივე უფალი, რომელიც აძლევს ამ ჯვარს, შეეწევა მის ტარებაში. პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1932 წლიდან 1952 წლამდე უძღვებოდა საქართველოს ეკლესიას, ეს იყო ყველაზე მძიმე დრო და მე ვფიქრობ, კალისტრატეს გარდა ვერავინ გაუძლებდა ამ სიმძიმეს. მე შევთხოვ მის უწმინდეს სულს, დაიცვას საქართველო და ჩვენი ეკლესია და დაგლოცოთ თქვენ. ჩვენთან არს ღმერთი!“ 
 
მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს უნიკალური დოკუმენტები. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მის არქივებში დაცული მასალებით მოაწყო პატრიარქ კალისტრატე ცინცაძისადმი მიძღვნილი გამოფენა – წარმოდგენილი იყო ფოტოები, წერილები, უბის წიგნაკები, სხვადასხვა საბუთი, ხელნაწერები.
 
კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს იუბილეზე მისმა შთამომავლებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საზეიმოდ გადასცეს პატრიარქის მოგონებები. ამ სქელტანიანი ხელნაწერის პირველი ნახევარი თავად უწმინდესი კალისტრატეს ხელითაა რუსულ ენაზე შესრულებული, მეორე ნახევარი კი დაწერილია მისი კარნახით, სხვისი ხელით. მოგონებები იწყება 1931 წლიდან. ეს დიდი განძია, რაც საჭიროებს კვლევას და, უეჭველია, რომ მომავალში მრავალ საკითხს მოჰფენს ნათელს. 
 
ღონისძიების მომდევნო ნაწილი დაეთმო სამეცნიერო კონფერენციას. ყველა გამომსვლელმა კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა, ასევე – მის სამეცნიერო-ფილოლოგიურ ნაშრომებზე. წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები:
 
1.მიხეილ ქავთარია – რამდენიმე დეტალი კალისტრატე ცინცაძისა და კორნელი კეკელიძის ურთიერთობიდან.
2. სერგო ვარდოსანიძე – საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა 1921-1952 წლებში.
3. ნუგზარ პაპუაშვილი – კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის სამეცნიერო ბიბლიოგრაფიული და არქეოგრაფიული მემკვიდრეობიდან.
4. ელდარ ბუბულაშვილი – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე – სიძველეთა დამცველი.
5.ზურაბ კიკნაძე – რამდენიმე შენიშვნა „ვეფხისტყაოსანზე“კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ნააზრევის შესახებ.
6. ესმა მანია – კონფორმიზმი და კონტექსტი მეოცე საუკუნის პირად არქივებში.
 
დასასრულს გაიმართა ორი ნაშრომის პრეზენტაცია. ბატონმა გოჩა არონიშიძემ წარმოადგინა კალისტრატე ცინცაძის შესახებ დაცული საოჯახო მასალები. ბატონ ერეკლე თურქაძის კვლევის სახელწოდებაა: „კალისტრატე ცინცაძე და წმ. გრიგოლ ფერაძე.“ მან თავისი წიგნის სამი ეგზემპლარი გადასცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკას.
 
აქვე წარმოვადგენთ ხელმოწერილი მემორანდუმის ტექსტს
 
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ქ. თბილისი 19.04.2016 წელი
 
წინამდებარე მემორანდუმით, ერთი მხრივ, ა(ა)იპი თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია წარმოდგენილი მისი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის სახით, მეორე მხრივ, სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წარმოდგენილი მისი დირექტორის, ზაალ აბაშიძის სახით (შემდგომში – ცენტრი) ვთანხმდებით შემდეგზე:
 
მუხლი 1. მემორანდუმის მიზნები და ამოცანები
ითანამშრომლონ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებსა და სამეცნიერო რესურსებზე დაყრდნობით საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება; ცენტრში დაცული ძველი ქართული სასულიერო და საერო მწერლობის ძეგლების, საისტორიო დოკუმენტების, საარქივო მასალის, ძველნაბეჭდი წიგნებისა და ა.შ. საფუძველზე, სამეცნიერო კვლევების მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგების, სემინარების ჩატარება, ერთობლივი პროექტების მომზადება და განხორციელება.
 
მუხლი 2. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლები
2.1. მხარეები თანხმდებიან დასახული მიზნის მისაღწევად:
ა) ერთობლივი სასწავლო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
ბ) გამოფენების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებაზე;
გ) ტრენინგების, სკოლების (მათ შორის საზაფხულო), მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. აკადემია იღებს ვალდებულებას:
3.1.1. მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში სასულიერო ხასიათის ტექსტების შესწავლასა და გამოცემასთან დაკავშირებით.
3.2. ცენტრი იღებს ვალდებულებას:
3.2.1.უზრუნველყოს სპეციალური სამკითხველო დარბაზის, ბიბლიოთეკის და ცენტრში დაცულ მასალაზე მუშაობის ხელმისაწვდომობა ცენტრის წესდების შესაბამისად და მის საფუძველზე;
3.2.2. უზრუნველყოს ცენტრში დაცული საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული და ჰომილეტიკურ-ჰიმნოგრაფიული შინაარსის შემცველი ხელნაწერების აკადემიასთან ერთად კვლევა და გამოსაცემად მომზადება;
3.2.3. უზრუნველყოს ცენტრში დაცული საღვთისმეტყველო, ლიტურგიკული და ჰომილეტიკურ-ჰიმნოგრაფიული შინაარსის შემცველი ხელნაწერების აკადემიასთან ერთად გამოცემა, მათი მხოლოდ სასწავლო პროცესში გამოყენების მიზნით;
3.3. ერთობლივად გამოცემული საღვთისმეტყველო-სამეცნიერო და სასწავლო-ნაბეჭდი პროდუქცია მხარეებს შორის გადანაწილდება თანაბრად.
 
მუხლი 4. სხვა პირობები
 
4.1. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 5 (ხუთი) წლის ვადით;
4.2. მემორანდუმით გათვალისწინებული კონკრეტული აქტივობის განხორციელება განისაზღვრება ცალკე წერილობითი შეთანხმებით;
4.3. აღნიშნული მემორანდუმი შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს ნებისმიერ დროს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე; ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ფორმდება წერილობით, რომელიც წარმოადგენს მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს;
4.4. მემორანდუმი შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით. შეწყვეტის ინიციატორი მხარე ვალდებულია ამის თაობაზე 30 (ოცდაათი) დღით ადრე წერილობით აცნობოს მეორებ მხარეს მიმდინარე პროგრამებში და პროექტებში ჩართულ პირებზე უარყოფითი და შეუქცევადი შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
4.5. მემორანდუმი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) ეგზემპლარად და ხელმოწერილია მხარეთა მიერ. თითოეულ მხარესთან ინახება ხელმოწერილი მემორანდუმის ერთი ეგზემპლარი.
19.04.2016

FaceBook გვერდი