საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

2017 წლის 25 მარტს, შესრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი. ამ თარიღის აღსანიშნავად თბილისის სასულიერო აკადემიაში 24 მარტს ჩატარდა კონფერენცია. სხდომა გახსნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა ავტოკეფალიის აღდგენის უდიდეს მნიშვნელობაზე ჩვენი ეკლესიისა და მთელი ერის ცხოვრებაში.

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს ბატონმა ელდარ ბუბულაშვილმა, სასულიერო აკადემიის დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და სერგო ვარდოსანიძემ, საქართველოს ისტორიის კათედრის გამგემ, თეოლოგიის დოქტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა. ბატონმა ელდარ ბუბულაშვილმა მოგვითხრო ჩვენი წინაპრების დიდ წადილსა და ძალისხმევაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. მეტად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღსადგენად ერთმანეთის მხარდამხარ იღვწოდნენ სასულიერო და საერო პირები. და ამ საქმისათვის მათი რთული და ხანგრძლივი შრომა დაგვირგვინდა 1917 წლის 12 (ახალი სტილით 25) მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გამოცხადებით.

ბატონი სერგო ვარდოსანიძის მოხსენება ეხებოდა ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიას, კერძოდ, ბრძოლას ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის. უნდა ითქვას, რომ არანაკლებ რთული იყო ამ აღიარების მოპოვება მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მსოფლიო პატრიარქის მხრიდან. ამ საქმეში იკვეთება ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის განსაკუთრებული როლი. ეს საქმე საბოლოოდ, წარმატებით სწორედ მისი ავტორიტეტისა და ძალისხმევის წყალობით დაგვირგვინდა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. მეუფე იოანემ ისაუბრა ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ეკლესიისათვის, ისაუბრა ჩვენი პატრიარქის უდიდეს და მრავალმხრივ ღვაწლზე, განსაკუთრებით გამოყო უწმინდესის გაბედულება და შეუპოვრობა. უწმინდესი ყოველთვის იმაღლებდა ხმას უსამართლობის წაინააღმდეგ მაშინ, როცა სხვები დუმდნენდუმდნენ („ღმერთსა ვესავ, არა შემეშინოს; რაჲ მიყოს მე კაცმან?“ (ფს. 55. 12).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სასულიერო აკადემიისა და  სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა.
 
25.03.2017

FaceBook გვერდი