სტუმარმა ლექციის შესავალ ნაწილში განიხილა ცნება „წიგნი,“
როგორც ფიზიკური, კულტურული და შემეცნებითი ობიექტი, რომელიც სცდება
მხოლოდ ტექსტის მატარებლის ფუნქციას და იქცევა ადამიანური
გამოცდილების ფორმირების, ცოდნის გადაცემისა და ისტორიული მეხსიერების
შენარჩუნების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
საკითხის ისტორიული მიმოხილვისას ბატონმა კონსტანტინემ
აუდიტორიას გააცნო XV საუკუნეში გერმანიის ქალაქ მაინცში მიმდინარე
მოვლენები, კერძოდ, იოჰანეს გუტენბერგის საქმიანობა, რასაც წიგნის
ბეჭდვის რევოლუციური გარდატეხა უკავშირდება.
„მოძრავი ლითონის ასოების, სპეციალური მელნისა და საბეჭდი პრესის
გამოყენებამ შესაძლებელი გახადა წიგნების სწრაფი და შედარებით იაფი
ტირაჟირება, რამაც არსებითად დააჩქარა ცოდნის გავრცელება ევროპაში და
მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ცივილიზაციის განვითარების
პროცესებზე,“ – ბრძანა მომხსენებელმა.
სტუმარმა მსმენელებს გააცნო ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია.
აღნიშნა, რომ პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის გამოცემა 1629 წელს
რომში განიხილება ქართული კულტურის ევროპულ ინტელექტუალურ სივრცეში
ინტეგრირების ერთ-ერთ ადრეულ მაგალითად. ეს წიგნი იყო სტეფანე
პაოლინის მიერ შედგენილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომელიც შეიქმნა
თეიმურაზ I-ის ელჩის, ნიკიფორე ირბახის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის)
მხარდაჭერით. ქართული წიგნის ბეჭდვის ინსტიტუციური საფუძვლების
ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მეფე არჩილ II-სა და
მის შთამომავლებს. ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში დაარსებული პირველი
ქართული სტამბა (1708–1709) იქცა ქართული ბეჭდვითი საქმის
კულმინაციად.
ლექციის დასკვნით ნაწილში კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა
ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ჩამოყალიბების ისტორიასა და
მნიშვნელობაზე, ასევე, საგანგებოდ აღნიშნა ილია ჭავჭავაძის პირადი
ბიბლიოთეკის როლი ქართული წიგნიერების განვითარების საქმეში.
ბატონმა კონსტანტინემ გულითადი მადლობა გადაუხადა თბილისის
სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოწვევისათვის.
„საგანგებო მადლობას ვუხდი სასწავლებლის რექტორს, ფილოლოგიის,
თეოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, ქართული სამღვდელოების
სრულიად თვალსაჩინო წარმომადგენელს, არაერთი საშვილიშვილო საქმის
წამომწყებსა და ბოლომდე მიმყვანს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს,“
– ბრძანა სტუმარმა.
მამა გიორგიმ ხაზგასმით აღნიშნა ბატონი კონსტანტინესი და მისი
სასახელო წინაპრების დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე და დიდი
მადლობა გადაუხადა მას მობრძანებისა და საინტერესო ლექციისათვის.
ლექციას ესწრებოდნენ თსას-ის პროფესორ-მასწავლებლები,
თანამშრომლები და სტუდენტები.




