თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!
დღეს ქართველი ერი დიდი სიყვარულითა და ღრმა პატივისცემით გილოცავთ აღსაყდრების 48-ე წელს.
ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, რომ იმ უდიდესი განსაცდელების ჟამს, რაც ათეისტური მმართველობის დროს გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თქვენ ბრძანდებოდით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ბრძენი საჭეთმპყრობელი. ისტორიის იმ რთულ მონაკვეთებში, როდესაც მძიმე კრიზისები იყო, ქართველ ერს თქვენ ეგულებოდით და ეგულებით მფარველად და საყრდენად. თქვენ იღებდით საკუთარ თავზე ყველა გამოწვევასა და შემოტევას და თქვენი ჩვეული სიმშვიდითა და მოუკლებელი ლოცვით აგრძელებდით მოღვაწეობას ერისა და ეკლესიის ერთობის შესანარჩუნებლად.
უდიდესი მოწიწებით, მადლიერებით და პატივისცემით გილოცავთ აღსაყდრების 48-ე წელს და განსაკუთრებით აღვნიშნავთ, რომ თუ არა თქვენი დაუცხრომელი მოღვაწეობა, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის იმ ღირსებით წარმოჩენა მთელ მსოფლიოში, როგორც ის დღეს არის წარმოდგენილი.
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ! მთელი სისრულით ვაცნობიერებთ რა თქვენს უდიდეს ღვაწლს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, შევთხოვთ ღმერთს მოგანიჭოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ თქვენი მამამთავრული ლოცვის მადლი რაც შეიძლება დიდხანს შეეწეოდეს და მფარველობდეს ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს საქართველოს.
