სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, 2025 წლის 30 მაისს თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“, რომელიც ეძღვნება ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა გახსნა და შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან გულითადი მადლობა გადაუხადა საზეიმო სხდომაში მონაწილეობისათვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ბატონ გია ვოლსკის. ამასთანავე, უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ, რომლის თანადგომითა და პირადი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ეროვნული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ძეგლის -"მრავალენოვანი ბიბლიის“ [Biblia Polyglotta] - ქართულენოვანი გამოცემა. მამა გიორგიმ აღნიშნა, რომ ამ უნიკალური ძეგლის გამოცემა, რომლის რედაქტორი გახლავთ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანაშემწე საღვთისმეტყველო მეცნიერებათა საკითხებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ედიშერ ჭელიძე, დაიწყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, გაგრძელდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას და დღესაც წარმატებით ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის ხელშეწყობით. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლიერება გამოხატა იმ განსაკუთრებული დახმარებისთვის, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პუბლიკაციის განსახორციელებლად გასწიეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრებმა, ბატონებმა -მიხელ ჩხენკელმა და გიორგი ამილახვარმა. მან მადლიერება გამოხატა იმ დახმარებისთვის, რასაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე იჩენს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიმართ.
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებს; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს; ქალბატონ ანა ბაგრატიონს - ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელს; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს; თბილისის ვიცე-მერს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ როინ მეტრეველს; აკადემიკოსებს; კონფერენციის მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს; სასულიერო პირებს; მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს; უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენს, მის აღმატებულებას, ცისის ტიტულარულ არქიეპისკოპოსს, წმინდა საყდრის დესპანს ანტე იოზიჩს; თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს წევრებს; პროფესორ-მასწავლებლებს. ბრძანა, რომ მათი მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში არის უდიდესი პატივისცემის გამოხატულება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, საქართველოს წმინდა ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ.
თავის გამოსვლაში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა აღნიშნული კონფერენციის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და ზოგადქრისტიანულ მნიშვნელობაზე. „მთელი ქრისტიანული სამყარო წელს განსაკუთრებულად იხსენებს ნიკეის საეკლესიო კრებას, რომელიც 325 წელს ჩატარდა და გარდამტეხ მოვლენად იქცა ეკლესიის ისტორიაში. სინოდალობა არის ფუნდამენტი წმინდა ეკლესიისა“, - აღნიშნა მან.
კონფერენციის საზეიმო სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძე). საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ; თბილისის ვიცე-მერმა, ბატონმა გიორგი ტყემალაძემ; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა, ბატონმა როინ მეტრეველმა; მისმა აღმატებულებამ, ცისის ტიტულარულმა არქიეპისკოპოსმა, წმინდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა; ბუდაპეშტის საპიენტიას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, მღვდელმა იაკო ფეერვარმა; საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ჟურნალის - „თეოლოგია“ - რედაქტორმა, ბატონმა ალექსანდროს კაციარასმა.
თითოეულმა გამომსვლელმა უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, მადლობა გადაუხადეს საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას, პირადად მის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს მეტად მასშტაბური და წარმომადგენლობითი ხასიათის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებისა და იმ მნიშვნელოვანი მოვლენის ღირსეულად აღნიშვნისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1700 წლის წინ ნიკეაში.
საზეიმო სხდომის დასასრულს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და დამსწრე საზოგადოებისადმი; მაღალაკადემიურ დონეზე უზრუნველყოფოფილი სინქრონული თარგმანისათვის მადლობა გადაუხადა თარჯიმნებს - ქ-ნ ეკატერინე ხუნდაძეს, ქ-ნ ლალი კერესელიძესა და ქ-ნ თამარ ნეფარიძეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სვიმონ ჯანგულაშვილი; თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდი, ხელმძღვანელი - ლაშა ზაალიშვილი.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“ - ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში. მეორე დღეს, 31 მაისს, დაგეგმილია სამუშაო სხდომა.
კონფერენციის სამუშაო
ენაა ქართული და ინგლისური.