პროფესორ ბოგდან ვლადუტის ვიზიტი დასრულდა

29 აპრილს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას რუმინეთის ქალაქ იასის (იაშის) ალექსანდრე იოანე კუზას სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი, პროფესორი, მღვდელი ბრინზა ბოგდან ვლადუტი ეწვია. იმავე დღეს სტუმარი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. აკადემიის რექტორმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ისტორიულ, კულტურულ და სამეცნიერო კავშირებზე ისაუბრა და ღრმა პატივისცემა გამოხატა რუმინეთის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.
მღვდელმა ბრინზა ბოგდან ვლადუტმა აკადემიის სტუდენტებს სამი ლექცია წაუკითხა. სალექციო თემები იყო: „წმინდა მსხვერპლშეწირვა და ადამიანის გარდაქმნა წმ. მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით“, „სიყვარულის ცნება თანამედროვე სამყაროში“ და „ეკოლოგიური კრიზისი და ადამიანური კრიზისი“. ლექციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და დისკუსიამ, რაც ესოდენ აქტუალურ საკითხებს მოჰყვა, დაგეგმილზე დიდხანს გასტანა. მამა ბოგდანი სიღრმისეულად უპასუხებდა სტუდენტთა შეკითხვებს.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებით პროფესორი ბრინზა ბოგდან ვლადუტი ესტუმრა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს. ასევე, მოეწყო ექსკურსია ძველ თბილისსა და მცხეთაში, რითაც სტუმარი კიდევ უფრო უკეთ გაეცნო ჩვენი ქვეყნის კულტურას. მამა ბოგდანმა მოილოცა მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელოვანი სიწმინდეები.
მღვდელი ბოგდან ვლადუტი, ასევე, მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ,,ერთსულოვნების" დილის გადაცემაში. ,,ერთსულოვნების დილაში" რუმინელმა პროფესორმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში მისი სამუშაო ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თეოლოგიის დოქტორის, მღვდელი ბრინზა ბოგდან ვლადუტის ვიზიტი, რომელიც ერასმუს* გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შედგა, დღეს დასრულდა.
alt
03.05.2025

FaceBook გვერდი