რექტორის შეხვედრა წლევანდელ კურსდამთავრებულებთან

29-30 ივნისს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შეხვდა სასწავლებლის წლევანდელ კურსდამთავრებულებს.

29 ივნისს გაიმართა შეხვედრა ქრისტიანული ფსიქოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან, რომელზეც რექტორმა, მამა გიორგი ზვიადაძემ, მიულოცა სტუდენტებს სასწავლებლის დასრულება და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.  რექტორმა აღნიშნა ისიც, რომ ურთიერთობა ამით არ სრულდება და შემდგომაც სასწავლებელი განაგრძობს ყოფილ სტუდენტებთან თანამშრომლობას, საჭიროების შემთხვევაში თანადგომასა და დახმარებას.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა ლექტორებსა და ამ ფაკულტეტების დეკანებს სტუდენტების მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ზრუნვისა და სასწავლო პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის. მადლობა გადაუხადა აგრეთვე სასწავლებლის ექიმს, რომელსაც აქვს ყოველდღიური ურთიერთობა  სტუდენტებთან.

სტუდენტებს შორის სიტყვით გამოვიდნენ ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული თამარ ნოზაძე და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის  ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნანუკა ღავთაძე.

თამარ ნოზაძე:

„მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება გადაგიხადოთ მადლობა ამ საოცარი ოთხი წლისათვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც განვაგრძობ სასწავლებლის მაღალკვალიფიციურ ლექტორებთან არაოფიციალურ სასწავლო პროცესს.

აღსანიშნავია ამ სასწავლებლის ორი უპირატესობა, ერთი ის, რომ ჩვენ, სტუდენტებს, ნამდვილად მიგვაქვს უმაღლესი განათლება  და მეორე ის, რომ გვაქვს ურთიერთობა განსაკუთრებულ ადამიანებთან, რომლებიც გვინათებენ გზას და გვასწავლიან, როგორ გავხდეთ უკეთესი ადამიანი, უკეთესი მეგობარი და უკეთესი მოქალაქე“!

ნანუკა ღავთაძე:

„სიტყვებით რთულია, გადმოვცე ის მადლიერება, რომელსაც თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიმართ ვგრძნობ.

დღეს ერთდროულად სიხარულსა და სევდას განვიცდი. მიჭირს ამ კედლების დატოვება. პირობას ვდებ, ყველგან, სადაც წავალ, ვიტყვი, რომ ეს ფასდაუდებელი ცოდნა სწორედ ამ სასწავლებელში მივიღე. თითოეული ლექტორი ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა“!

30 ივნისს გაიმართა შეხვედრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: სასწავლებლის მოძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია), თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ კურსდამთავრებულებს მისცა დარიგებები. რექტორმა ისაუბრა საღმრთო ლიტურგიის  მნიშვნელობებზე, მის მიმართ კრძალვით დამოკიდებულების აუცილებლობაზე. მან ყურადრება გაამახვილა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც სტუდენტებს, როგორც სასულიერო განათლების მქონე პირებს, უნდა ჰქონდეთ საზოგადოების წინაშე. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სტუდენტებს მოუწოდა, რომ იყვნენ მადლიერები, პატიოსნები, თავმდაბლები და ზრდილობიანები.

სტუდენტებს მიმართეს არქიმანდრიტმა სერაფიმემ (ჭედია), დეკანოზმა იოანემ და დეკანოზმა თეიმურაზმა. მათ მიულოცეს კუსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება და სამომავლო წარმატებები უსურვეს.

სტუდენტებმაც თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს როგორც სასწავლებლის რექტორს, ისე დეკანატსა და თითოეულ ლექტორს, სემინარიაში არსებული მაღალკვალიფიციური სწავლებისა და განსაკუთრებული მზრუნველობისთვის.
30.06.2020

FaceBook გვერდი