შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან

2020 წლის 30 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე (პრორექტორი სასწავლო დარგში) და ბატონი ცოტნე ჩხეიძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე).

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი რატი ბრეგაძე. მან საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გააცნო სამინისტროს ინიციატივები და პროექტები (სამხედრო მოსამსახურეთა ან მათი შვილების თანადაფინანსება თუ სტიპენდია,  პროექტი „ჩვენი ჯარი“, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ).

დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწავლა სამივე საფეხურზე უფასოა, სასწავლებელში ირიცხებიან არა მარტო სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, არამედ ომის ვეტერანებიც. დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ  და ბატონმა რატი ბრეგაძემ ისაუბრეს სტიპენდიის დანიშვნის შესახებ ჩვენი სასწავლებლის იმ წარჩინებული სტუდენტებისათვის, რომლებიც ომის ვეტერანები ან სამხედრო მოსამსახურეთა შვილები არიან.

სასწავლებელთა წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები, გამოთქვეს არაერთი საინტერესო აზრი და წამოაყენეს თავიანთი ინიციატივები აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში.

დასასრულს, ბატონმა რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს მობრძანებისთვის და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განხილული საკითხების ირგვლივ დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება.
30.06.2020

FaceBook გვერდი