ბატონი გაგი ღავთაძის მოხსენება



2019 წლის 7 ნოემბერს, ხუთშაბათს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტმა გაგი ღავთაძემ მოხსენება წაიკითხა თემაზე - „წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ერთი ცხოვრებისეული ეპიზოდის განმარტებანი გალატელთა მიმართ ეპისტოლის მიხედვით“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი გიორგი თოდუა).

გალატელთა მიმართ ეპისტოლის მიხედვით, სირიის ანტიოქიაში ჩასული წმინდა მოციქული პეტრე ქრისტეს რჯულზე ახლადმოქცეულ წარმართებთან ერთად ჭამდა, მაგრამ მათგან ჩამოშორება დაიწყო, როდესაც იერუსალიმიდან ჩამოსული ქრისტიანი ებრაელები დაინახა. ამის გამო წმინდა პავლე მოციქულმა მოციქული პეტრე საჯაროდ ამხილა და მოუწოდა, რომ თავისი საქციელით ახლადმოქცეული წარმართები არ დაებრკოლებინა.

ბატონი გაგი ღავთაძის მოხსენების ფარგლებში სწორედ აღნიშნული მოვლენაა გაანალიზებული და შეფასებული წმინდა მამათა ნაშრომებზე დაყრდნობით. მასში ასევე მოყვანილია ზოგიერთი დასავლელი თეოლოგის მოსაზრება, რომლის მიხედვით პეტრე და პავლე მოციქულებს შორის გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდა. ამ თვალსაზრისს მომხსენებელი არ ეთანხმება და მოწმობად წმინდა მამათა ნააზრევს წარმოადგენს. მათ მიერ (წმინდა იოანე ოქროპირი, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, ნეტარი იერონიმე...) მოციქულთა მოქმედება შეფასებულია, როგორც კეთილგონივრული საქციელი, რომლის მიზანი იყო ახლადმოქცეულ ქრისტიანთა დაუბრკოლებლად დაცვა. მომხსენებლის მითითებით, თუ ვიფიქრებთ, რომ პავლე მოციქულმა საჯაროდ გაკიცხა მოციქული პეტრე, გაუგებარი იქნება მისი სიტყვები: „ვიქმენ ჰურიათა თანა, ვითარცა ჰურიაჲ, რაჲთა ჰურიანი შევიძინნე; შჯულსა ქუეშე მყოფთა თანა, ვითარცა შჯულსა ქუეშე მყოფი, რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი შევიძინნე?“ (1 კორ. 9. 20).

ბატონი გაგი ღავთაძის დასკვნის თანახმად, წმინდა მოციქულთა შორის წინააღმდეგობა არ იყო. მათი მოქმედების საფუძველი იყო ახლადმოქცეულ ქრისტიანთა მიმართ დიდი სიყვარული და განსაკუთრებული მზრუნველობა, რომელსაც ყოფილი წარმართები და იუდეველები საჭიროებდნენ, როგორც ჯერ კიდევ სულიერი უძლურების მქონებელნი.
10.11.2019

FaceBook გვერდი