აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო

პარასკევს, 13 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო (წლიური ანგარიში). გუნდი 2018 წლიდან არსებობს და მას ხელმძღვანელობს ლოტბარი - ლექსო გრემელაშვილი.  გუნდი 6 წევრისგან შედგება, ისინი თბილისის სასულიერო  აკადემიის სხვადასხვა კურსის სტუდენტები არიან - ივერ სვანიძე, ლუკა ბზუკაშვილი, ლაშა ბზუკაშვილი, თევდორე გოგოლაძე, ზურაბ მჭედლიშვილი, ალექსანდრე ბრეგვაძე.
    დღევანდელ ღონისძიებაში აკადემიის მგალობელთა გუნდის წევრებთან ერთად  საგალობლებს ასრულებდნენ მოწვეული სტუმრები - თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები - წალკის, სოფელ სამების ჯვრის მონასტრის მონაზვნები -  გიორგი ასკურავა და მონაზონი ექვთიმე კრუპიცკი, ასევე, მუსიკოლოგიის მაგისტრი, ლოტბარი, მგალობელი გიორგი აბრამიშვილი და მგალობელი ბექა დადვანი.
       შემოქმედებით საღამოს  უძღვებოდა ლექსო გრემელაშვილი.  შესრულდა  ქართლ-კახური, შემოქმედის, გელათის სამგალობლო სკოლების საგალობლები, კერძოდ: მეუფეო ზეცათაო; კურთხეულ ხარ შენ; საიდუმლო სამოთხე; წმ. ქეთევან დედოფლის ტროპარი; წმ. მეფის დავით აღმაშენებლის ტროპარი; წმიდაო ღმერთო.
        სოფელ სამების ჯვრის მონასტრის მამებმა შეასრულეს საგალობლები: ჭრელი უფალო-ღაღადყავსა, ხმა დ; „საყდარსა შენსა“, დასდებელი უფალო-ღაღადყავსა, ხმა გ; შემოქმედის სკოლის 2 საგალობელი: წინამორბედისა; წმინდა ნინოსი. მარხვის საგალობლები: განადიდე; შემწე და მხსნელ; სასოო და შესავედრებელო.
    შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, პრორექტორი სასწავლო და ადმინისტრაციულ დარგში, დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. მგალობელთა გუნდის  გამოსვლამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.  
   ლიტურგიკისა და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრის გამგემ, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) მაღალი შეფასება მისცა გუნდის გამოსვლას, მადლობა გადაუხადა  ლექსო გრემელაშვილსა და გუნდის წევრებს თავდადებული შრომის, ქართული საგალობლის ერთგულებისა და  სიყვარულისთვის.
14.06.2025

FaceBook გვერდი