საჯარო ლექცია

30 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ეკლესიური ცნობიერება და თანამედროვე გამოწვევები“. მომხსენებელი გახლდათ თსასის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია.
 
მამა შალვამ ისაუბრა თანამედროვე სამყაროს ურთულეს გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები, სეკულარული კულტურა, პლურალიზმი და სწრაფი ინფორმაციული ნაკადი ახალგაზრდობას მუდმივად ახალი სირთულეების წინაშე აყენებს. თანამედროვე ადამიანი ხშირად ეკლესიას მხოლოდ ტრადიციად, კულტურულ მემკვიდრეობად ან ოჯახურ ჩვევად აღიქვამს. იმისათვის, რომ რწმენა ფორმალურ რელიგიურობად არ იქცეს, საჭიროა ახალგაზრდებში ეკლესიური ცნობიერების სრულყოფა, აზროვნების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარება-გაღრმავება.

 ,,წმინდა მამათა მოძღვრება და ქართული საეკლესიო გამოცდილება ის ცოცხალი წყაროა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს დაეხმაროს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებასა და რელიგიური, პიროვნული და ეროვნული იდენტობის გაცნობიერება-სრულყოფაში“, - აღნიშნა მამა შალვამ და ყურადღება გაამახვილა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისიაზე.
 
ლექციას ესწრებოდნენ თსასის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. გაიმართა საინტერესო დიალოგი, პასუხი გაეცა სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს.
 
აღსანიშნავია, რომ ყოველკვირეული საჯარო ლექციები და დისკუსიები თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდები ერთად ფიქრობენ, სვამენ კითხვებს, იღებენ კომპეტენტურ პასუხებს, იძენენ მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას, ავითარებენ მსჯელობისა და დიალოგის წარმართვის უნარებს.
30.09.2026

FaceBook გვერდი