უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 30 აპრილს
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიხსნა
პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო
კონფერენცია. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და
ერთგვარად შეაჯამებს მთელი წლის განმავლობაში პროფესორ-მასწავლებელთა
და სტუდენტთა მიერ გაწეულ სამეცნიერო-კვლევით
საქმიანობას.
პლენარული სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა
და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა
გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა აკადემიისა და სემინარიის
საგანმანათლებლო სივრცეში სამეცნიერო კონფერენციების განსაკუთრებულ
მნიშვნელობასა და პატრიარქის საგანმანათლებლო მოღვაწეობასთან
დაკავშირებით.
პლენარულ სხდომას თავმჯდომარეობდა ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა
კალანდარიშვილი.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1. ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე - ალანიის ეპარქიის ლოკალიზაციის
საკითხისათვის;
2. ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, გელათის მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია - „მესმა
სმენაჲ შენი, უფალო, და შემეშინა...“
3. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე -
„საკითხავი დაუჯდომელთაჲ “ და მისი წმინდა გიორგი მთაწმინდელისეული
თარგმანი;
4. ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო
ვარდოსანიძე - რუსული „ობნოვლენცებისა“ და ქართველი განმაახლებლების
ურთიერთობის ისტორიიდან XX საუკუნის 20-30-იან წლებში.
წაკითხულმა მოხსენებებმა აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.
გაიმართა საინტერესო დისკუსია. საგულისხმო მოსაზრებები და შეფასებები
გამოთქვეს თსას ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრმა,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ბენაშვილმა;
ფილოლოგიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ
ჭელიძემ.
- პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.