ძველი ქართული ფილოლოგიის ცნობილ
მკვლევარს, ლიტერატურის ისტორიკოსს, არქეოგრაფს - ენრიკო გაბიძაშვილს
- დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.
ბატონი ენრიკო მის მიერ განვლილი
არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ისეთივე რუდუნებით ემსახურებოდა
ქართულ ფილოლოგიურ სკოლას, როგორც ამას დიდი ათონელი მამები
აკეთებდნენ. ძველი ქართული სასულიერო მწერლობის არაერთი დარგის
კვლევას დაამჩნია მან ღრმა კვალი და ეს კვალი არის ენრიკო
გაბიძაშვილის ნიჭის, ერუდიციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და
დიდი შრომის შედეგი.
ენრიკო გაბიძაშვილმა თავისი
სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო ცნობილი ქართველი ფილოლოგის, ილია
აბულაძის მიერ საქართველოს ისტორიული მუზეუმის ხელნაწერთა
განყოფილების ბაზაზე ახლად დაარსებულ ხელნაწერთა ინსტიტუტში.
ილია აბულაძის ხელმძღვანელობით
იმხანად ხელნაწერთა ინსტიტუტში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა
ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების კრიტიკულ ტექსტთა
სრული აკადემიური გამოცემის მომზადებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში
გამოსცა ენრიკო გაბიძაშვილმა თავისი პირველი მონოგრაფიული ნარკვევი -
“ექვთიმე მთაწმიდელის ცხოვრების სვინაქსარული რედაქცია”, რომელიც 1965
წელს დაიბეჭდა კრებულში - “ძველი ქართული მწერლობის ოთხი
ძეგლი”.
ათწლეულების მანძილზე ე.
გაბიძაშვილმა უამრავი მონოგრაფიული ნაშრომი და სტატია მიუძღვნა ძველი
ქართული მწერლობის ყველა დარგს, განსაკუთრებით კი ჰომილეტიკასა და
კანონიკას. კიდევ ერთი ვრცელი სფერო მისი სამეცნიერო მუშაობისა - ესაა
ენციკლოპედიური კვლევები, სადაც სრულად გამოჩნდა ძველი ქართული
ლიტერატურის დარგში მისი ყოვლისმომცველი ცოდნა.
ილია აბულაძის მიერ დაარსებულ
სერიაში - “ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები” ე.
გაბიძაშვილმა 1968 წელს IV ტომად გამოსცა ქართველ წმინდანთა
სვინაქსარული “ცხოვრება-წამებების” 43 ტექსტი. ამ სერიაში შევიდა
ენრიკო გაბიძაშვილის კიდევ სამი ნაშრომი: დავით გარეჯელის მეტაფრასული
ცხოვრების კრიტიკული ტექსტი; ბიბლიოგრაფია ძველი ქართული
ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებისა და ლექსიკონი; კათალიკოს ანტონ
I-ის მარტვიროლოგიური კრებულის (“წიგნი მარტირიკა”) კრიტიკული ტექსტი
და გამოკვლევა (მ. ქავთარიას თანაავტორობით).
ენრიკო გაბიძაშვილმა 1991 წელს
გამოსცა მონოგრაფია “წმინდა გიორგი ძველ ქართულ მწერლობაში”, რომელშიც
თავი მოუყარა ცნობებს წმ. გიორგის შესახებ ქართულ ენაზე შექმნილი
ორიგინალური და თარგმნითი მრავალფეროვანი ლიტერატურის შესახებ. ენრიკო
გაბიძაშვილის ნაშრომი ორი ნაწილისაგან შედგება: “წმ. გიორგი ქართულ
ნათარგმნ ლიტერატურაში” და “ქართული ორიგინალური თხზულებები წმ.
გიორგის შესახებ”.
ხელნაწერთა ინსტიტუტში მეოცე
საუკუნის მიწურულს დაიწყო ჯგუფური მუშაობა ნათარგმნი მეტაფრასული
ჰაგიოგრაფიული კრებულების შესწავლისა და გამოცემისათვის. ამ კვლევითი
გეგმის ფარგლებში ენრიკო გაბიძაშვილმა შეისწავლა და გამოსაცემად
მოამზადა თებერვლის მეტაფრასული კრებულის საკითხავები.
კანონიკური მწერლობის ფარგლებში
ენრიკო გაბიძაშვილმა შექმნა ორი ფუნდამენტური გამოკვლევა, რომელთაგან
ერთი ეძღვნება კანონიკური სამართლის დიდ კორპუსს - არსენ იყალთოელის
მიერ თარგმნილ “დიდ სჯულისკანონს” (გამოიცა 1975 წელს), მეორე კი -
მასზე დართულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერას გამოიცა
1978 წელს).
ე. გაბიძაშვილმა შექმნა
უმნიშვნელოვანესი კოდიკოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ექვსტომეული - “ძველი
ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები”. ექვსტომეულს მოყვა კიდევ ერთი
კოდიკოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომი - “ძველი ქართული ორიგინალური
სასულიერო მწერლობა და თხზულებათა დარგობრივი
ბიბლიოგრაფია”.
ენრიკო გაბიძაშვილმა დიდი შრომა
გასწია ენციკლოპედიური სფეროს მიმართულებითაც. ამ დარგში მისი პირველი
ნაშრომია “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური
ლექსიკონი”, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტის ორ სხვა თანამშრომელთან
ერთად შეადგინა. მისი მრავალი საენციკლოპედიო სტატია არის შეტანილი
ქართულ ენციკლოპედიებში: “საქართველოს ენციკლოპედია” და “ქართული
ენა”, ასევე, უცხოურ გამოცემებში. რუსულ Православная Энциклопедия-ში
დაიბეჭდა 47 სტატია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართული
სასულიერო მწერლობის სხვადასხვა საკითხის, ავტორთა და მთარგმნელთა
შესახებ. იტალიურ ენციცლოპედია დეი სანტი (Le chiese Orientali)-ში კი
- 74 მცირე სტატია საქართველოს ეკლესიის კალენდარში შეტანილ ქართველ
წმინდანთა შესახებ.
ენრიკო გაბიძაშვილის კოდიკოლოგიური
ნაშრომი - „ძველი ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების
კლასიფიკაცია და ბიბლიოგრაფია“ - გარკვეულწილად ავსებს იმ
ინფორმაციას, რაც ზემოხსენებულ ბიბლიოგრაფიულ სერიაშია თავმოყრილი.
ძველ ხელნაწერ წიგნებზე დართულ ანდერძ-მინაწერებს შემოუნახავთ
ძვირფასი ცნობები სამწერლობო კერებში მიმდინარე ლიტერატურული
პროცესებისა და ცალკეულ შემოქმედთა მოღვაწეობის შესახებ. ყველა ამ
ცნობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურის ისტორიისათვის, რადგან
ეპიგრაფიკული კვლევით ანუ ანდერძ-მინაწერთა
ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდნეობითი შესწავლით ხშირად უნიკალური
ლიტერატურისმცოდნეობითი და ისტორიული ინფორმაციის მოიპოვების
შესაძლებლობა იქმნება.
ბოლო ათწლეულის მანძილზე ბატონი
ენრიკო გაბიძაშილი არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
გამომცემლობის კონსულტანტი. მისმა ნაშრომებმა თუ მაღალპროფესიონალურმა
რჩევებმა ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ყველა სფეროში
აკადემია-სემინარიის არაერთ მაგისტრანტსა თუ დოქტორანტს გაუკვალა გზა
საღვთისმეტყველო და ფილოლოგიური კვლევების მიმართულებით. ენრიკო
გაბიძაშვილის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ძეგლიც თბილისი სასულიერო
აკადემიის ეგიდით გამოიცა.