26 წლის წინ დაუკავშირა ბატონმა
გრივერმა თავისი საქმიანობა თბილისის საულიერო აკადემიასა და
სემინარიას - სათავეში ჩაუდგა ქართული ლიტერატურისა და ენის კათედრას.
შემთხვევითი არ იყო, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თავისი საქმიანობა საქართველოს
უპირველეს მართლმადიდებლურ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. ბატონი
გრივერი მთელი ცხოვრების მანძილზე იკვლევდა ძველ ქართულ აგიოგრაფიულ
მწერლობას და საოცრად საინტერესოდ აცნობდა ახალგაზრდებს. ცოცხალი
კავშირი სარწმუნოებასთან, ქრისტიანული სულისკვეთება, რომელიც მისი
მთავარი საარსებო ღერძი იყო, თვალნათლივ აისახა კიდეც მის
ნაშრომებში.
იმ მძიმე წლებში, როდესაც უბრალოდ
საშიში იყო საკუთარი რწმენის გასაჯაროება, ბატონი გრივერი ქრისტიანული
სულისკვეთებით ზრდიდა ახალ თაობას. მისთვის პროფესიული საქმიანობა და
პირადი ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდებოდა ერთმანეთს: ბატონმა
გრივერმა იმდენად გაითავისა ჩვენი დიდი წინაპრების, ეკლესიის
მამების, მაღალი ღირებულებები, რომ ეს ღირებულებები თავისი ცხოვრების
წესად აქცია. ის, რასაც ასწავლიდა ბატონი გრივერი ახალგაზრდებს,
მომავალ თეოლოგებსა და სასულიერო მოღვაწეებს, იმის რეალურ მაგალითს
წარმოადგენს, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და რა არის ის მაღალი
მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ნებისმიერი ჩვენგანი. მისმა
ბევრმა ძველმა თუ ახალმა ნასტუდენტარმა დაუკავშირა ეკლესიას
თავისი საქმიანობა და ცხოვრება.
მაღალი პროფესიონალიზმი, მისი
კვლევის სფეროში შემავალი საკითხების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ბატონ
გრივერს იმის საშუალებას აძლევდა, რომ საგანი: ”ძველი ქართული
სასულიერო მწერლობა” სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში იმ
კუთხით ესწავლებინა, რაც ამ სასწავლებლისათვის იყო აუცილებელი.
პედაგოგიური საქმიანობა გრივერ ფარულავას ისეთ რანგში ჰქონდა
აყვანილი, ისეთი მოთხოვნები ჰქონდა წაყენებული როგორც საკუთარი თავის,
ასევე სტუდენტებისადმი, რომ შედეგიც ყოველთვის სათანადო იყო:
სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები იღებდნენ მათთვის ესოდენ
აუცილებელ ცოდნას.
გარეგნულად მკაცრი და
თავშეკავებული ბატონი გრივერი საოცარი გულისხმიერებით გამოირჩეოდა.
მისთვის ადამიანური ღირსება უმაღლესი ფასეულობა იყო და სხვებშიც ამ
ფასეულობის შემჩნევა და დაფასება კარგად შეეძლო.
ბატონ გრივერ ფარულავას
განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისადმი. ის სიღრმისეულად ხედავდა
პატრიარქის მრავალმხრივ ბუნებასა და საქმიანობას, რომელმაც
საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა. არც პატრიარქისათვის
დარჩა შეუმჩნეველი გრივერ ფარულავას პიროვნება და ეს უმაღლესი
საეკლესიო ჯილდოთი აღინიშნა - წმ. გიორგის ოქროს
ორდენით.
გრივერ ფარულავას გარდაცვალება
დანაკლისია მისი ოჯახის, ქართული საზოგადოებისა და საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ნუგეში ისევ და ისევ მისი ღრმა
რწმენით ნათქვამი სიტყვებია: სამყარო, სადაც ყველაფერი იწერება,
უფალია. სიცოცხლის უკანასკნელი დღე ჩვენი თავისუფლების პირველი
დღეა.