სამუშაო შეხვედრა

 
დღეს, 22 ნოემბერს, თბილისის სასულიერო აკადემიის დოქტორანტები შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის ხელმძღვანელს, ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორს, ფილოლოგიის  დოქტორს, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტს - ნინო მინდიაშვილს. ქალბატონმა ნინომ აკადემიის დოქტორანტებს საკვალიფიკაციო ნაშრომის სტრუქტურისა და ფორმატის შესახებ მეტად მნიშვნელოვანი, მაღალკვალიფიციური ტრენინგი ჩაუტარა.  შეხვედრას ესწრებოდა თსას-ის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი, დიაკონი ცოტნე ჩხეიძე.
სამუშაო შეხვედრაზე ნინო მინდიაშვილმა საგულისხმო რჩევები და რეკომენდაციები მისცა დოქტორანტებს  სადისერტაციო ნაშრომის სპეციფიკასთან დაკავშირებით.   ყურადღება გაამახვილა ნაშრომის სტრუქტურული ერთეულების თავისებურებაზე. დეტალურად განიხილა საკვალიფიკაციო ნაშრომის თავფურცლის, განაცხადისა და ანოტაციის მნიშვნელობა და მახასიათებლები; სათაურის, შესავლისა და დასკვნის   თავისებურებანი. აღნიშნა, რომ დოქტორანტმა განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს    სადისერტაციო ნაშრომის სარჩევის ტექნიკურ და შინაარსობრივ გამართულობაზე, ლოგიკურ თანმიმდევრობაზე.  დოქტორანტებისთვის საყურადღებო იყო ექსპერტის რეკომენდაციები საკვალიფიკაციო ნაშრომის ბიბლიოგრაფიის შედგენასთან დაკავშირებითაც.
 
ტრენინგის დასასრულს დოქტორანტებმა შეკითხვებით მიმართეს მოწვეულ სტუმარს და მისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
 
ქალბატონმა ნინო მინდიაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატს მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის  დოქტორანტებთან შეხვედრა.
22.11.2023

FaceBook გვერდი